პარლამენტი მთავრობას ერთი სახეობის პროდუქციის იმპორტის ერთნაირ დაბეგვარს სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისგან ამ მოთხოვნის გათვალისწინების პირობა არსებობდა, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტი ამ საკითხის გათვალისწინების გარეშე მიიღეს. პარლამენტს კი ყველა პროდუქციაზე ცალ-ცალკე კანონპროექტის შემუშავება უწევს.
ამჯერად საკითხი ეხება ხის მორების იმპორტს და როგორც პარლამენტში აცხადებენ, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
„წარმოიდგინეთ, ეს რამხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული. საქმე ეხება ხის მორების იმპორტს. ხის მორის სასაქონლო კოდის ქვეშ თერთმეტამდე ქვეჯგუფია გამოყოფილი, რომელიც სხვადასხვა საბაჟო რეჟიმით იბეგრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მებაჟემ ტვირთი უნდა დააცლევინოს, სათითაოდ მოახდეს ამ მორების გადასინჯვა, თუ რომელი რომელ ჯგუფს ეკუთვნის, და ისე მოხდეს დაბეგვრა. ეს კი, დამიჯერეთ, საკმაოდ მძიმე პროცედურაა და როგორც სახელმწიფოს, ასევე მეწარმის ინტერესს საკმაოდ აზიანებს“, - აცხადებს პარლამენტარი გიორგი გოდაბრელიძე.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა იქმნება იმ მხრივ, რომ არასპეციალისტისთვის ძნელი გასარჩევია თუ რომელი მორი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება და მებაჟეს უწევს ხის სპეციალისტის გამოძახება. ამასობაში დრო გადის და საბოლოოდ ორივე მხარის ინტერესზე მოქმედებს.
უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად გადაწყვეტილება მეწარმის ინტერესის საზიანოდ მიიღება.
„ზოგი სახეობა 12%-ით იბეგრება, ზოგი ნულით და, როდესაც მებაჟე ვერ არკვევს იმპორტირებული პროდუქცია რომელ სახეობას მიეკუთვნება, სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება რომ არ მიიღოს, ბეგრავს 12%-იანით. ამ დროს კი შეიძლება ეს სახეობა საერთოდ ნული პროცენტით იბეგრება. მაგრამ იმის შიშით, რომ 12%-იანი ნოლით არ დაბეგროს, ძალაუნებურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება უწევს“, - აცხადებს ვახტანგ ბალავაძე და მიაჩნია, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ არის მოსაგვარებელი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბალავაძის მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ბალავაძის განმარტებით, კანონპროექტით დაზუსტდება, რომ ერთის მხრივ გაადვილდეს საბაჟო მომსახურება ტექნიკურად და მეორეს მხრივ, დაცული იქნას სამართლიანობის პრინციპი.
კანონპროექტის თანახმად, ნულოვანი რეჟიმით დაიბეგრება ხის მორების ძირითადი ნაწილი, წიწვოვანის გარდა. წიწვოვანი კი 12%-იანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება.
ბალავაძის განმარტებით, ასეთი დაყოფა სამართლინიც იქნება და ტექნიკურადაც გაადვილებს საბაჟო შემოწმების პროცესს. იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ საკითხი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას კიდევ დაზუსტდება.
ამ მოსაზრებას ექსპერტებიც იზიარებენ. მათი თქმით, აღნიშნული მიდგომა არის სამართლიანი და კარგი იქნება თუ ყველა სახის პროდუქციაზე ეს პრინციპი განხორციელდება.
„საერთოდ ეს მიდგომა, რომ ერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე ერთნაირი საბაჟო ტარიფი არსებობდეს, ძალიან კარგი იქნება და, თუკი ხელისუფლება ამას აპირებს, კარგის მეტი რა ითქმის“, - აცხადებს „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.
თუმცა, მისი თქმით, პრობლემა არის ის, თუ პროდუქცია რამდენი პროცენტით იქნება დაბეგრილი.
„ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ კონკრეტულად ხის მასალის იმპორტზე. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში რაღაცა პროდუქცია იაფად შემოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა შეექმნება ადგილობრივ წარმოებას. ვინაიდან საზღვარგარეთ მეწარეებს გაცილებით მეტი ხელისშეწყობაც აქვთ და მეტი ტექნოლოგიური საშუალებებიც გააჩნიათ, ვიდრე საქართველოში.
ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ეს მომენტიც. მთავრობისგან არსებობდა პირობა, რომ იმპორტზე საბაჟო გადასახადი 12%-ზე ნაკლები არ იქნებოდა, მაგრამ ეს პირობა დღემდე შეუსრულებია“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
ტყემალაძე ხაზს უსვამს, რომ იმპორტირებულ საქონელს ლობისტები ჰყავს და მთავრობაში იმპორტზე საბაჟო ტარიფის შემცირება მათი პირადი ინტერესებით არის განპირობებული.
რაც შეეხება ხის იმპორტს, საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საბაჟო გადასახადის განულება საქართველოში ტყის ფონდის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, პრობლემად რჩება ის, რომ ხის მასალის იმპორტი და ექსპორტი ერთმანეთან მჭიდრო კავშირში არ არის და თუკი ხის მასალის ექსპორტთან დაკავშირებით პოლიტიკა არ შეიცვლება, ტყის ფონდის შენარჩუნება პრობლემად დარჩება.
თეონა ხარაბაძე
Tags: გიორგი გოდაბრელიძე, დაბეგვრა, ვახტანგ ბალავაძე, საბაჟო








2010-07-14 17:15:55

2010-07-10 14:22:05


2010-07-17 13:14:22




