ქართული საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" ფართოვდება - ახალი კონცეფციის ფილიალი, ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალის საინვესტიციო ღირებულება 200 000 ლარს აჭარბებს.
"ახალი ფილიალი ღია და დახურული ტიპის მაღაზიას მოიცავს, რომელიც ART გალერეის კონცეფციის იქნება. მომხმარებლებს ადგილზე დახვდებათ როგორც სამკაულები, ისე ჩვენს მიერ დამზადებული სუვენირები. დღეს არსებულ ტერიტორიაზე ფილიალი გვაქვს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვფართოვდებით და მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ სივრცეს შევთავაზებთ", - აღნიშნა „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა.
აღნიშნულის გარდა "ზარაფხანა" 2026 წლის, სავარაუდოდ, თებერვალში კიდევ ერთ ფილიალს საბურთალოს "სითი მოლში" გახსნის, რომლის საინვესტიციო ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.
"ყველა მოლს თავისი მოთხოვნები აქვს. ეს იქნება მაღაზიის კონცეფცია სტენდის ადგილას და აღნიშნულისთვის 60 000 ლარამდე დაიხარჯება, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის არ არის პატარა თანხა. ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი სივრცე მომხმარებლებისთვის საინტერესო იყოს", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
"ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დედაქალაქის გარდა, გაფართოებას რეგიონული მასშტაბითაც გეგმავს და შესაძლოა, ახალი ფილიალი ქუთაისში გაიხსნას.
აღნიშნულის გარდა, კომპანია ევროპაში "ზარაფხანას" ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავდა. როგორც თორნიკე სამხარაძემ აღნიშნა, პროექტი ამ ეტაპზე დაპაუზებულია, თუმცა შერჩეულია სავარაუდო ქვეყანა, სადაც ქართული ბრენდი შევა. აღნიშნული ქვეყნები კი დიდი ბრიტანეთი (ლონდონი) და საფრანგეთია.
ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 4 ფილიალს ფლობს, აქედან 3 მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.