სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ინფორმაციით, სექტორის ინტერესია, რომ ინსტიტუციური განვითარების გრანტი მაქსიმალურად ბევრმა ორგანიზაციამ მოიპოვოს.
როგორც თამარ ზოდელავა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აცხადებს, აღნიშნული გრანტი მიმდინარე პროექტია და ამჟამად, სააგენტო შემოსული საგრანტო განცხადებების ფორმალურ შემოწმებას იწყებს.
"ინსტიტუციური გრანტი მეორე საგრანტო კონკურსია, რომელიც უზრუნველყავით, რომ წელს ქმედითი ყოფილიყო. ორი კომპონენტისგან შედგება, როგორც ორგანიზაციული განვითარების კუთხით, ასევე პროექტული სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. მიმდინარე პროექტი გახლავთ, ახლა სააგენტო შემოსული საგრანტო განცხადებების ფორმალურ შემოწმებას იწყებს. აღნიშნულს ვინც გადალახავს შემდეგ უკვე საბჭოს გადაეცემა და როგორც მცირე გრანტების შემთხვევაში, შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ჩვენი ინტერესია, რომ ინსტიტუციური განვითარების გრანტი მაქსიმალურად ბევრმა ორგანიზაციამ მოიპოვოს, მაგრამ ბუნებრივია, ამ ყველაფრის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს", - სააგენტოს თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსი დეკემბრის თვეში სრულად დასრულდება.
თამარ ზოდელავა ასევე მცირე საგრანტო კონკურსსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ მცირე საგრანტო კონკურსი უკვე დასრულდა, კერძოდ, დაფინანსებულია 17 საგრანტო პროექტი,რომლის მთლიანი ბიუჯეტი ₾1.7 მლნ-მდეა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსში თითოეული გამარჯვებული ₾100 000-მდე სახელმწიფო გრანტს მიიღებს.
"კერძოდ, გრანტები გაიცემა, როგორც სამოქალაქო ინიციატივის დაფინანსების თვალსაზრისით, ასევე ძალიან ბევრი სხვა პრიორიტეტული მიმართულება დავფარეთ, რათა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო ინიციატივები განახორციელონ. პრიორიტეტული მიმართულებებია: შრომა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ასევე განათლება, მეცნიერების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები, სპორტის განვითარება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული გამარჯვებული სახელმწიფო გრანტს 100 000 ლარამდე მიიღებს და შემდეგ უკვე აღნიშნული პროექტების განხორციელებას დაიწყებს", - აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლება; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. სააგენტო ახალი სსიპ-ია.