კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო სექტორში, მიმდინარე თვის პერიოდში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
"კერძოდ, შეხვედრები შედგა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამომხმარებლო უფლებების დაცვის მიზნით, სმენის არმქონე და სმენადაზიანებულ ბავშვთა თბილისის #203 საჯარო სკოლის და უსინათლო ბავშვთა თბილისის #202 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან - რუსთავის ქართულ-აზერბაიჯანული მე-18 სკოლის მოსწავლეებთან.
სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა, GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს - რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, რა არის კონკურენცია, რას უწყობს ხელს და როგორ იცავს კონკურენციის კანონი მომხმარებელს. შეხვედრების ფარგლებში, ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ნაჩვენები იყო GCCA-ის მიერ ჟესტურ ენაზე მომზადებული ვიდეო მასალები და ბრაილი შრიფტით მომზადებული საინფორმაციო ბროშურები.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები, GCCA-ის მიერ გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში, 2025 წელს აქტიურ რეჟიმში იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების - შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე ინკლუზიური, ინფორმირებული და სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.