logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა

პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა

1762954809

„მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას  გვაძლევს 3 მილიარდი ლარით გავზარდოთ ნაერთი ბიუჯეტი და 2.5 მილიარდით სახელმწიფო ბიუჯეტი. არ არსებობს არცერთი სამინისტრო რომელსაც თანხები არ დამატებია.  ზრდა არის ყველა მიმართულებით, როგორც სოციალური, ეკონომიკური განვითარების  თუ ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების კუთხით.  ამავე დროს შენარჩუნებულია და ნორმაშია  ყველა ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ეკონომიკური ზრდით საქართველო იქნება პირველ ადგილზე არამარტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორისაც, მთავრობის ვალით იქნება მე-6 ადგილზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის, ბიუჯეტის დეფიციტით მე-2 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის და მე-8 ადგილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.  სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ ასეთი ზრდა გაგრძელდება და 5-6 წელიწადში ჩვენ შევძლებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწიოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კამათი უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ხელისშეშლაზე. 

„ზოგიერთი ამბობს, საგადასახადო შემოსავლები არ შესრულდაო, რას ნიშნავს არ შესრულდა?  ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ პარლამენტის ყველა კომიტეტის სხდომაზე და ბიუჯეტის პროექტში ცალსახად წერია, რომ როგორც შემოსულობების, ისე საგადასახადო  შემოსავლების ნაწილში შესრულდა.

რაც შეეხება პენსიას, 2020 წელს პარლამენტმა ინდექსაციის შესახებ კანონი მიიღო.  მთავრობაზე აღარ არის დამოკიდებული რამდენით გაიზრდება პენსია, ეს დამოკიდებულია ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. 10 ლარით რომ გაიზარდოს პენსია 100 მილიონია საჭირო, 200 ლარით რომ გაზარდოს, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, 2 მილიარდი ლარი უნდა. როდესაც ამბობთ, რომ პენსია უნდა გავზარდოთ, უნდა გვითხრათ, რას მოვაკლოთ, რომელ საბიუჯეტო მუხლებს ან ქვეპუნქტებს. ეს სერიოზული თანხებია და ამას  შესაბამისი დასაბუთება სჭირდება“, - მიმართა პაატა კვიჟინაძემ ოპონენტებს.

რაც შეეხება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, 22 შენიშვნაა და პროექტის საბოლოო ვარიანტში, რომელიც პარლამენტში 1 დეკემბრამდე დაბრუნდება,  უმეტესობა იქნება გათვალისწინებული.

"საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა"

"საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა"

გამოგვყევით