თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის აეროდრომებისა და საჰაერო ნავიგაციის მიწისზედა სისტემების რეგიონული ოფიცერს, ჰათემ ოუსლეთის განცხადებით, ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ წარმატებით დანერგა აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის პირელადი რეიტინგი.
,,მოხარული, ვარ რომ ვიმყოფები თბილისში, ICAO-ს რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც ეარბასთან კოლაბორაციითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მასპინძლობით იმართება.
რეგიონულმა შეხვედრამ თბილისში, შეკრიბა იკაოს წევრი ქვეყნებიდან 19 ქვეყნის 32 წარმომადგენელი. ვორქშოფი აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების ახალი სისტემის დანერგვას ეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა ახალი შეფასების სისტემის პირველადი რეიტინგი, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის,-‘’აცხადებს ჰათემ ოუსლეთი.
ორდღიან ვორქშოფზე მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.
ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან.