საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლის, ანა ნაჭყებიას შეფასებით, საპენსიო საინვესტიციო პორტფელის არჩევა ადამიანის ასაკისა და საპენსიო ასაკამდე დარჩენილი პერიოდის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
როგორც გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე დიდი დრო აქვთ, უფრო შესაფერისია დინამიკური პორტფელი, ხოლო საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის — კონსერვატიული პორტფელი.
„მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან საპენსიო ფონდში აქტივების დაგროვება დავიწყეთ და 2022 წლიდან აქციების ბაზარზეც განვახორციელეთ ინვესტიციები, არაერთი ტიპის კრიზისი ვიხილეთ, მათ შორის რეგიონში მიმდინარე ომი. ასეთ პერიოდებში აქციების ბაზარი, როგორც წესი, მაღალი მერყეობით გამოირჩევა, რაც ხშირად ფასების მნიშვნელოვან ვარდნას იწვევს. ეს განსაკუთრებით მკვეთრად დინამიკურ პორტფელზე მოქმედებს, რადგან მასში აქციების წილი უფრო მაღალია.
კონსერვატიული პორტფელი კი ბოლო პერიოდში შედარებით უფრო მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა. ზოგადად, საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება. თუ საპენსიო ასაკამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, აუცილებელია მზად იყოთ ბაზრის მოკლევადიანი მერყეობისთვის. შესაბამისად, ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე მეტი დრო აქვთ, დინამიკური პორტფელი უფრო შესაფერისია.
საპენსიო ასაკთან მიახლოების შემთხვევაში კი უმჯობესია კონსერვატიული პორტფელი, რომელიც ნაკლები მერყეობით და უფრო მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა, რადგან მასში უფრო დიდი წილი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებზე მოდის. ამ შემთხვევაში გლობალური აქციების ბაზრებზე არსებული მერყეობა დანაზოგებზე მნიშვნელოვნად ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე დინამიკური პორტფელის შემთხვევაში“, — აცხადებს ანა ნაჭყებია.
ცნობისთვის, საპენსიო აქტივების მოცულობამ მაისის მდგომარეობით, 9.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო გენერირებულმა მოგებამ 2.7 მლრდ ლარი შეადგინა.