გასულ წელს შეიქმნა დავების განმხილველი კომისია, რომელმაც საჩივრების მიღება მიმდინარე წელს დაიწყო. ამჟამად, დაახლოებით, 52 საჩივარია მიღებული, საიდანაც 60% განხილულია და განხილულებიდან 80% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მომხმარებლებს ჯამში 180 000 ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.
"მომხმარებელთა კმაყოფილება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მომსახურე ორგანიზაციისთვის, მათ შორის, ფინანსურ ბაზარზე. ამ კუთხით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგეს. რა თქმა უნდა, ახალი მოთხოვნები და რეგულაციები რეგულირებული სუბიექტისთვის არასდროს არ არის სასიამოვნო, თუმცა ეს მოთხოვნები არ არის იმდენად მკაცრი, ან ხელშემშლელი საქმიანობაში, რომ უფრო მეტად პოზიტიური შედეგი არ გამოიღოს.
მიუხედავად კონცენტრირებული ბაზრისა, სადაც რამდენიმე მსხვილი ბანკი დომინირებს, კონკურენცია საკმაოდ მაღალია მათ შორის, მსხვილ ბანკებს, შედარებით პატარა მოცულობის ბანკებს და ასევე, სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს შორის", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტების და მომხმარებლის წინაშე არსებულ გამოწვევებს - როგორც ლაშა გზირიშვილი აღნიშნავს, ფინანსური ორგანიზაციების გაციფრულების პროცესი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ხოლო მომხმარებლების მხარეს გამოწვევად ფინანსური განათლება რჩება.
"ძალიან დიდი გამოწვევაა გაციფრულება, რომელიც ცალსახად ძალიან დიდი მოვლენაა, რადგან ბევრი მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს კიბერთაღლითობის რისკები. ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა იყოს ორივე მხარე", - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.