დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რასაც ვატარებთ, ევროობლიგაციაზე ინვესტორების მხრიდან დიდი მოთხოვნა იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში აღნიშნულ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც მან განაცხადა, 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება და ინვესტორების მხრიდან არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ ეს პროცესი იქნება წარმატებული.
„ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გამოხმაურება და მოთხოვნა, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან აქვს საქართველოს ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, ათობით შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებთან იმართება. ის მოლოდინები, რომელიც არსებობს საქართველოს ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, უპირველესად უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკის ნაწილში არსებითად შემცირებული განაკვეთით მოხდეს ფასიანი ქაღალდების გამოშვება. განაკვეთი ვერ იქნება იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო, თუმცა რისკის განაკვეთი, რაც ემატება საბაზისო ღირებულებას, იქნება გაცილებით უფრო შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ასევე ვიტყვი, რომ მოლოდინი იმისა, რომ მოთხოვნა იქნება 2-3-ჯერ მაღალი, ვიდრე ჩვენ გამოვუშვებთ ეს ინვესტორების მხრიდან აქტიურობით ნამდვილად ჩანს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.