მიკროსაფინანსო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირდება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.
„სექტორში რისკების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს უკავშირდება როგორც უიმედო სესხების წილს მთლიან პორტფელში, რაც 2.2%-ს შეადგენს და საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ასევე ვადაგადაცილებული სესხების წილს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მიკროსაფინანსო სექტორს ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი აქვს. ამასთან, 0-დან 180 დღემდე ვადაგადაცილება 5%-მდეა, რაც არათუ მიკროსაფინანსო სექტორისთვის, ზოგადად საფინანსო სექტორისთვისაც კარგი მაჩვენებელია.“-აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე სწრაფი ზრდით გამოირჩევა სოფლის მეურნეობის დაკრედიტება.
"რაც შეეხება მომგებიანობას, შემცირებულია, თუმცა თუ ვნახავთ კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელს, თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში 18%-ს შეადგენდა, ეს პარამეტრი ჩამოსცდა 16%-ს. ვიმედოვნებთ, წლის შემდეგი კვარტლები იქნება უფრო დამაიმედებელი. გაუმჯობესდება მომგებიანობის პარამეტრები და გაუმჯობესდება სექტორში არსებული მდგომარეობა."-აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო სექტორის მომგებიანობა 4%-ით შემცირდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მისო-ების წმინდა მოგებამ 28.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 29.9 მლნ ლარს აღწევდა.