საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - ამის შესახებ Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ლიცენზიის მიღების პროცესი მკაცრი და დეტალურია, თუმცა ამავდროულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, მათ მიერ შექმნილი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი რეგულაციური გარემო საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის Bybit-ს, ქვეყანაში ოპერირების და ინვესტირების მოტივაციას აძლევს”, - განაცხადა ბენ ჟოუმ.
მისივე თქმით, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს და ცენტრალური ბანკის აქტიურ ჩართულობას რეგულირების პროცესში.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები მკაფიო და პროგნოზირებადი იყოს. ბევრ რეგიონში კომპანიები საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდებიან, მაშინ როცა საქართველოში ცენტრალური ბანკი თავად ხელმძღვანელობს ამ ინოვაციურ პროცესს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების შესახებ“, - აღნიშნა მან.
ბენ ჟოუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰაბად ყალიბდება, ხოლო ფინტექისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებისა და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.
ამჟამად საქართველოში Bybit-ის დაახლოებით 46 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია ადგილობრივი გუნდის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ამასთან, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს ბლოკჩეინისა და კრიპტოტექნოლოგიების მიმართულებით განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარებას.
„საქართველოში ძლიერი ტექნოლოგიური პოტენციალია. ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ, როგორც განათლების, ისე დასაქმების მიმართულებით“, - განაცხადა მან.
დღეს Bybit მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმაა. კომპანიის გლობალური ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს აღწევს და მომხმარებლებს მრავალფეროვან კრიპტო და ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.