logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება

1763136875

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში  ცვლილებები შეიტანა.

ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების,  სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.

დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს.

პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების,  სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.

ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.

კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე, დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

გამოგვყევით