საქართველოს პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე "ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.
ამასთან, კანონპროექტი აწესრიგებს პარკის ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებით ორგანიზებასთან და სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევას ეფუძნება, რომლის ღირებულებამ 64 ათასი ევრო შეადგინა.
პარკის ადმინისტრაცია 22 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება. კანონპროექტი ძალაში 2027 წლიდან შევა, გათვალისწინებულია საბიუჯეტო ხარჯებიც. კერძოდ, 2027-2030 წლებში პარკის ფუნქციონირებისთვის ჯამში დაახლოებით 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 2027 წელს კი, გათვალისწინებულია 600 ათას ლარზე მეტი, საიდანაც ნაწილი ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ აღჭურვაზე, მათ შორის სპეციალური ავტომობილის შესაძენად დაიხარჯება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ პარკის შექმნა ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, გაიზრდება ტურისტული ნაკადები და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები.