სურსათის ეროვნული სააგენტოს უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, ვასილ კვერნაძის ინფორმაციით, წლიდან წლამდე, სურსათის უვნებლობის კუთხით, შეუსაბამობების რაოდენობა 15%-დან 25-მდე მცირდება. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ვასილ კვერნაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა.
ვასილ კვერნაძის ცნობით, სააგენტოს, როგორც ადამიანური, ასევე სხვა მატერიალური რესურსი აქვს, რათა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რისკის პროპორციულად უპასუხოს.
"მონიტორინგის პროგრამა სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. სააგენტოში დღეს, 27 მონიტორინგის პროგრამაა. დაახლოებით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 7500-მდე ნიმუშის აღება გვიწევს. არსებული შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რომლებიც რისკის შეფასების პროცესს იწყებენ. შემიძლია, გითხრათ რომ ბოლო წლებში სააგენტო სამეცნიერო წრეებში, სხვადასხვა, საკითხს ძალიან აქტიურად ახდენს ინიცირებას. მათ შორის დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს, საჯარო განხილვებს ვაწყობთ", - აღნიშნავს ვასილ კვერნაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ასევე ადგილობრივ ბიზნესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობა, მეტ შემთხვევაში ორგანიზებულ სახეს იღებს.
"გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 36 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12 წლის წინ, როდესაც სააგენტო ახალი შექმნილი იყო, მთელი წლის განმავლობაში 1 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მიმდინარე წელს, რაც შეეხება, განხორციელებული 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი გვაქვს და საანგარიშო პერიოდი ისევ გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული - ცნობიერების გაზრდის კუთხით. ბიზნესის საქმიანობა, მეტ შემთხვევაში ორგანიზებულ სახეს იღებს, ეს პირდაპირ კავშირშია უვნებელი სურსათის წარმოებასთან. კერძოდ, ანალიზის გაკეთება შეგვიძლია და მინდა გითხრათ, რომ წლიდან წლამდე შეუსაბამობების რაოდენობა 15%-დან 25-მდე მცირდება, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით, სამომხმარებლო ბაზარი დაცული იყოს", - აღნიშნავს ვასილ კვერნაძე.