ქალაქ გურჯაანში, თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების დიაგნოსტირების შესაძლებლობების, თევზისა და თევზპროდუქტების ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციები შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
"აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურსა და ზონალურში, დანერგილია ყველა ძირითადი კვლევა თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა უშუალო დიალოგის ფონზე გამოიკვეთოს ფერმერებისთვის დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და, ამავდროულად, მეთევზე ფერმერებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ.
თევზმომშენებელი ფერმერების მხრიდან ლაბორატორიული კვლევების დროული ჩატარება თევზის დაავადებების პრევენციას და მის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ქალაქ გურჯაანში თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.