logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქართულმა ხორბალმა ქვეყნის ყველა რეგიონში მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს, ხოლო მასთან დაკავშირებული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გადაეცეს" - ლევან უჯმაჯურიძე

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი ნომინაციების შემფასებელი საბჭოს მიერ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" დადებითი რეკომენდაცია გაიცა. საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე შედგება, რომელიც 8-13 დეკემბერს ინდოეთში, დელიში გაიმართება.

ქართული ხორბალი წარმოადგენს აგრონომიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ უძველეს სამიწათმოქმედო კულტურას, რომლის წარმოშობა და მოშინაურება ნეოლითის პერიოდს უკავშირდება. ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების სიმრავლე, განსაკუთრებული ნიშან-თვისებები განაპირობებს მათ მიმართ დიდ ინტერესს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სწორად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა, შენარჩუნება და მათი თემებში და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებაა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალი წელია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების როგორც წარმოებაში დაბრუნების, ასევე, გენეტიკურ ბანკში კონსერვაციის მიმართულებით. ცენტრის მიზანია, ქართულმა ხორბალმა ქვეყნის ყველა რეგიონში მყარი პოზიცია დაიკავოს, ხოლო მასთან დაკავშირებული საერო, საეკლესიო რიტუალები, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და ცოდნა მომავალ თაობებს გადაეცეს.

ქართული ხორბლის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ცენტრი რეგულარულად ატარებს სადემონსტრაციო დღეებს, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა ქართული ხორბლის კულტურა დარჩეს ცოცხალ ტრადიციად და ქვეყნის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ორგანულ ნაწილად, როგორც სასურსათო უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

გამოგვყევით