logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სეს-ის ახალი ოფისი თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მოსახლეობას დროულად მიაწოდონ სერვისები" - დავით სონღულაშვილი

"სეს-ის ახალი ოფისი თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მოსახლეობას დროულად მიაწოდონ სერვისები" - დავით სონღულაშვილი

1781008140

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და აღჭურვილი შენობა დაათვალიერა; დავით სონღულაშვილი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრი სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდა და რეგიონული სამსახურების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ქვემო ქართლში, სადაც აგროსექტორი განსაკუთრებით არის განვითარებული, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებსა და ბიზნესოპერატორებს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი რეგიონული სტრუქტურა ემსახურებოდეს. ახალი ოფისი სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მოსახლეობას დროულად და ხარისხიანად მიაწოდონ ის სერვისები, რომლებიც აგროსექტორის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მარნეულის მუნიციპალიტეტში საქმიანობას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ახორციელებს. რეგიონში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს აგრარული ბაზრების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, სასაკლაოებისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლი. ასევე ტარდება ვეტერინარული მანიპულაციები, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მცენარეთა მავნებლების, მათ შორის კალიების, საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ახალი ოფისის გახსნას, მინისტრთან ერთად, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოგვყევით