კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელის, პაატა ტრაპაიძის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნამ შესაძლოა, მონოპოლია გამოიწვიოს და ქვეყანაში უკვე არსებული 10-მდე აკრედიტებული ლაბორატორია გააუქმოს.
როგორც ბიზნესმენი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ზედმეტი მაკონტროლებელი სისტემის შექმნა არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ, აღნიშნულ ინიციატივას თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
ამასთან, პაატა ტრაპაიძის თქმით, ზოგადად, ყველაფერი უნდა შემოწმდეს, თუმცა, მისთვის უცნობია აღნიშნულ პროცესს სახელმწიფო თავის თავზე რატომ იღებს.
"თუ უნდათ, რომ ხარისხი კარგი იყოს, შეამოწმოს რატომაც არა?! მაგრამ გარანტია სად არის, რომ შემმოწმებელი კვალიფიკაციური კადრი იქნება და ეს ყველაფერი კორუფციის წყარო არ გახდება?! ზოგადად, ახალი ინიციატივაა და შინაარსს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ამდენი აკრედიტებული ლაბორატორიები რა საჭიროა?! სახელმწიფოს ლაბორატორიებისთვის აკრედიტაცია ხომ უკვე მიცემული აქვს?! უკვე არსებულ ლაბორატორიებს გამოდის არ ვენდობით.
თუ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, ბარემ მშენებლობაც თავად აიღონ... გამოსავალი სწორ სისტემაშია, ახალი ინიციატივაა და სიღრმისეულად საუბარი მიჭირს, მაგრამ თუ ყველა ფუნქციას სახელმწიფო აიღებს, მაშინ საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით. ზოგადად, სახელმწიფომ თავის თავზე თავდაცვის და ძალოვანი სტრუქტურების გარდა არაფერი უნდა აიღოს. დღეს ამ შემოწმებას აკრედიტებული, კერძო ლაბორატორიები აკეთებენ, არ ვენდობით მათ?! საქართველოში, თუ არ ვცდები 10-მდე აკრედიტებული ლაბორატორიაა, მათ რა უნდა გააკეთონ - მაშინ ისინი უნდა გააუქმონ. საინტერესოა, ეს ყველაფერი მომავალში რას გამოიწვევს, შესაძლოა, მონოპოლია შეიქმნას. შემოწმებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შემოწმდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სახელმწიფო რატომ იღებს არ მესმის", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს.
კერძოდ, ლაბორატორია შეამოწმებს: ასფალტის ნარევსა და საფარს; მყარ და გაუმყარებელ ბეტონს, შემკვრელებს, ქვის მსხვილ და წვრილ შემავსებლებს; არმატურას; გრუნტებს, საფუძვლის ფენებს; გზების საექსპლუატაციო პარამეტრებს; საგზაო ნიშნებს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საგზაო მონიშვნას; ფერდების მონიტორინგს/უსაფრთხოებას; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემაში გამოყენებულ მასალებს, ელ. აღჭურვილობებსა და მართვის სისტემებს. ასევე, შეისწავლის საინჟინრო ნაგებობების არსებულ მდგომარეობას.