ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, დასუფთავების სერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად ორმაგდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დასუფთავების კომპანია „ვარდოს“ დამფუძნებელმა, ანი ახვლედიანმა განუცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სისუფთავე სჭირდება ყველას, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მხრიდან.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, როგორებიცაა - ახალი წელი, სააღდგომო პერიოდი და სხვა. მაგალითად, ახალი წლის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს“, - განმარტა ანი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, დასუფთავების სერვისებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, ამ სეგმენტში მზარდია კონკურენციაც.
„საქართველოში უკვე ბევრი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბაზარს დასუფთავების სერვისებს სთავაზობს. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი - არის მაღალხარისხიანი, პროფესიონალური დალაგება და უბრალოდ, მილაგება. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალ ხარისხზე, ვიყენებთ პროფესიონალურ ხსნარებს, შესაბამის ინვენტარს და ტექნიკას. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ კადრების საკითხს. მნიშვნელოვანია როგორც დიასახლისის გამოცდილება, ასევე ის, თუ რამდენად უყვარს საკუთარი საქმე. კარგი კადრებისთვის ჩვენს სულ გვაქვს ადგილი და სულ ვეძებთ ახალ თანამშრომლებს, რომლებსაც უყვართ სისუფთავე და საქმე, რომელსაც აკეთებენ“, - აღნიშნა დასუფთავების კომპანია „ვარდოს“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „ვარდომ“ ოპერირება 2023 წელს დაიწყო. ამჟამად, კომპანია სტაბილურად 20-მდე ადამიანს ასაქმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ვარდოს“ გააჩნია საკუთარი დალაგების აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს შეუძლია როგორც დასუფთავების სერვისებს გაეცნოს, ასევე - ონლაინ კალკულატორით, თავად გამოთვალოს დალაგების ფასები და დაჯავშნოს ობიექტზე „ვარდოს“ თანამშრომლების ვიზიტი.