logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო  მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ახალი კომპონენტი დაემატა. არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის დაზუსტდა კრედიტის საპროცენტო განაკვეთები და განისაზღვრა მაქსიმალური მოცულობები.

უფრო კონკრეტულად კი, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 500 000-დან  1.5 მლნ  ლარამდე სესხის შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი  საპროცენტო განაკვეთი 14%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 1.5 მლნ-დან 5 მლნ-ის ჩათვლით სესხებზე კი კრედიტი  13 %-ში უნდა გაიცეს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, 500 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების  განაკვეთზე  დამატებულ 6%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

5 000 000 ლარის ჩათვლით სესხებზე კი  სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმი რეფინანსირების  განაკვეთზე  დამატებული 5%-ია.

"არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა ბენეფიციარებზე ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით. ამასთანავე, ვაშლის  გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან შესაბამისი წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

ბენეფიციარზე გასაცემი სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარიდან არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არაუმეტეს 9 თვე. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას და/ან გადამუშავებას.ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 9 (ცხრა) თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს  აუდიტორული დასკვნა. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება. აუდიტორული დასკვნით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე."-აღნიშნულია დოკუმენტში. 

გამოგვყევით