logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომდევნო 5-10 წელში, რუსთავსა და თბილისს შორის ზღვარი შეიძლება საერთოდ წაიშალოს" - ლევან ლაბარტყავა

მომდევნო 5-10 წელში, რუსთავსა და თბილისს შორის ზღვარი შეიძლება საერთოდ წაიშალოს,  - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უძრავი ქონების ექსპერტმა, ლევან ლაბარტყავამ განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი ქალაქი ერთ ურბანულ სივრცედ ჩამოყალიბდეს.

„მოგეხსენებათ, თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად მიწები, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ დედაქალაქს განვითარების შესაძლებლობა, უფრო მეტად, სამხრეთის მიმართულებით აქვს - საუბარია ორთაჭალის, ფონიჭალისა და რუსთავის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, მომდევნო წლებში, ეს ტერიტორია მთლიანად ისე განაშენიანდება, რომ რუსთავსა და თბილისს შორის ზღვარი წაიშლება“, - განმარტა ლევან ლაბარტყავამ.

მისივე თქმით, რუსთავში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

„მთავარი არის - თბილისთან სიახლოვე და გამართული სატრანსპორტო კავშირი. ასევე, ახალი დეველოპერული პროექტები, რომლებიც რუსთავში ხორციელდება და რაც მთავარია, შედარებით ხელმისაწვდომი ფასები როგორც გასაყიდ უძრავ ქონებაზე, ისე ქირაზე“, - აღნიშნა უძრავი ქონების ექსპერტმა.

ცნობისთვის, თბილისისა და რუსთავის საშუალო ფასებს შორის, დაახლოებით, 35%-იანი სხვაობაა. კერძოდ, უძრავი ქონების პორტალებზე გამოქვეყნებული გასაყიდი ბინების განცხადებებიდან ირკვევა, რომ თბილისში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ფასი 1,625 დოლარია, რუსთავში კი - 1,058 დოლარი.

გამოგვყევით