საქართველოს ბაზარზე 2027 წელს შესაძლოა, ორი ახალი საერთაშორისო ბრენდი შემოვიდეს. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება.
როგორც „სინომი რითეილის“ ხელმძღვანელმა, რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ერთ-ერთი ბრენდი ტანსაცმლის, ხოლო მეორე სახლის აქსესუარების მიმართულებით იმუშავებს.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ 2027 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ორი ძალიან ცნობილი და დიდი ბრენდი შემოვიყვანოთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა. ასევე, დამოკიდებული ვართ სავაჭრო ცენტრების მზაობაზე. არაერთ სავაჭრო ცენტრში ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
სანამ ზუსტად არ გვეცოდინება, შევძლებთ თუ არა პროექტის განხორციელებას დაგეგმილ ვადებში, მანამდე არ გავაჟღერებთ, რომელ ბრენდებზეა საუბარი. მათგან ერთი ტანსაცმლის, მეორე კი სახლის აქსესუარების ბრენდია. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.
მისი განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 15%-ით არის გაზრდილი.
„ამ დროის მონაცემებით, გაყიდვები გასული წლის მაჩვენებელს დაახლოებით 15%-ით აჭარბებს. ამის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს. ჩვენი მონაცემებით, გაზრდილია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე საშუალო კალათა. წელს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე წინა წლებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტურიზმის ზრდაც იყოს, რადგან საერთაშორისო ბარათებით განხორციელებული გადახდები საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს. გაყიდვები საგრძნობლად იზრდება, როგორც კი ტურისტების რაოდენობა იმატებს. ამასთან, შესაძლებელია, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილობრივი მომხმარებლების დანახარჯებიც იზრდებოდეს“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.