“Web Summit-ზე ჩვენ წარმოვადგენთ იმ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელიც ლისაბონში მიმდინარე მსოფლიოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ტექნოლოგიურ გამოფენას Web Summit ესწრება.
გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით უკვე მეოთხედ მონაწილეობს, რაც, ავთანდილ კასრაძის თქმით, ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის, სტარტაპებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოსა და დაფინანსების მექანიზმების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ეროვნული პავილიონი, რომელიც „StartUP in Georgia“ ინიციატივის ნაწილია, სააგენტოს თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძესთან ერთად დაათვალიერა. GITA-ს თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პავილიონის მიმართ ინტერესი დიდია.
„საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა სტარტაპებისთვის, როგორც საგადასახადო რეჟიმით, ისე დაფინანსების ხელმისაწვდომობით. Web Summit-ზე წარმოდგენილი ქართული სტარტაპები ევროპული ბაზრების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევენ, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
Web Summit-ზე საქართველოს მონაწილეობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს თანამშრომლობით განხორციელდა. სამიტზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ექვსი ქართული სტარტაპია წარმოდგენილი: Quissly, AdMagica.ai, Filmcore, Zapio, Agrolog და Briano.
Web Summit-ზე საქართველოს პავილიონი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში ლევან წურწუმიამ დაათვალიერა .