logo
Loading data...
1714622580
ქართული ბრენდი Nickola's-ი მამაკაცის სუნამოს გამოუშვებს

ქართული ბრენდი Nickola's-ი ახალი სუნამოს გამოშვებაზე მუშაობს, რომელიც მამაკაცებისთვის იქნება განკუთვნილი.ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლას ქანთარიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ სუნამოს წარმოება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ როდის ჩაეშვება გაყიდვაში, ამ ეტაპზე უცნობია.მისივე თქმით, ახალი სუნამო საუდის არაბეთის ერთ-ერთ კომპანიაში დამზადდება. "Nickola's-ს სუნამოს გამოშვების გამოცდილება უკვე აქვს. ჩვენ გვაქვს სუნამო, რომელიც არის უნისექსი და რომელიც საქართველოში და საუდის არაბეთში იყიდებოდა, თუმცა რადგან ახალ სუნამოზე დავიწყე მუშაობა, პირველად გამოშვებული სუნამო საქართველოს ბაზრიდან ამოვიღე. როდესაც ახალ პროდუქტს ვუშვებ ძველ კოლექციაზე მუშაობას ვწყვეტ. სუნამო სპეციალურად ჩემთვის საუდის არაბეთში შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ პირველად გამოშვებულმა სუნამომ ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ასეთივე მოლოდინი მაქვს ახალ სუნამოსთან დაკავშირებითაც", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს.  Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.

1714546070

"ნიკოლი" 2024 წელს ქუთაისსა და რუსთავში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის “ნიკოლი” ქუთაისსა და რუსთავში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.“ამჟამად ერთ-ერთი ფილიალის განახლებაზე ვმუშაობთ და ამის შემდეგ ვიფიქრებთ გაფართოებაზე. გვინდა, რომ წელს რეგიონები ავითვისოთ. კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს ლოკაციები. ჩვენ სტენდის ტიპის მაღაზიები გვაქვს და ასეთივე კონცეფციის იქნება ახალი ფილიალები”, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, “ნიკოლის” პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტია.“ჩვენ ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით ამ პრობლემას და გვყავს შეკრული, კარგი გუნდი, რომელიც პროფესიონალური გუნდია და აწარმოებს ხარისხიან პროდუქტს. ჯამში 42 ადამიანია დასაქმებული”, - აცხადებს ნიკა ნიკოლაიშვილი.ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

1714488284

"ვოლვო ქარ საქართველოსთან" პარტნიორობით "ასტრაზენეკა საქართველომ" ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა

შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“  შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველომ“ შვედური ბრენდის ელექტრომობილები XC40 და EC40 კომპანიას დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდა.მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. მოლაპარაკებები კომპანიასთან 2023 წლის მიწურულს დავიწყეთ და შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. შედეგად „ასტრაზენეკას“ ავტოპარკი სრულად განახლდება VOLVO-ს ელექტრომობილებით. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება გარემოზე ზრუნვის საკითხს და მთელი ავტოპარკი ელექტრული ავტომობილებით ჩაანაცვლა, მეორე მხრივ კი, აქცენტს აკეთებს  უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით კომპანიის მოთხოვნებსა და მიწოდების ვადებს. საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მინდა, „ასტრაზენეკას“ მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ზრუნავს გარემოზე და ირჩევს „ვოლვოს“ ბრენდს“.„ასტრაზენეკას“ გეგმაა, კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრული გახდეს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილების შერჩევის პროცესში საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და კრიტერიუმები ჰქონდათ. ეკოლოგიურობასთან ერთად, პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება „ვოლვო ქარ საქართველომ“ შეძლო, შესაბამისად, კომპანიის ავტოპარკი VOLVO-ს ელექტრომოდელებით ჩანაცვლდება.მაია მაისურაძე, „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ წარმომადენლობის დირექტორი საქართველოში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება და ამ გამოწვევაში საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები გვქონდა. პარტნიორმა კომპანიამ კი სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ და წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის. ჩვენი ავტოპარკის 80% უკვე განახლდა და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“.მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში შვედეთის საელჩოს ჩართულობა, რომელიც საქართველოში მოქმედ შვედურ კომპანიებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. ავტომობილების გადაცემის პროცესს საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი ილვა ფესტინი ესწრებოდა.ილვა ფესტინი, საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი: „ვოლვო ქარ საქართველო“ და „ასტრაზენეკა“ საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ კი ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შვედურ კომპანიებს საქართველოს მიმართ აქვთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ქართული ბიზნესი თანმიმდევრულად ვითარდება როგორც მსოფლიოში არსებულ მიზნებთან, ასევე მდგრადობის პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გვსურს, ამ თანამშრომლობით სხვა კომპანიებიც წავახალისოთ, რადგან, თუ კომპანიას სურს, მომავალში რელევანტურად დარჩეს, მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დადგეს“.აღსანიშნავია, რომ გლობალურად „ასტრაზენეკას“ სტრატეგია, სათბურის აირების ემისიის შემცირებაა გარემოში, ამ პროცესში კი კომპანიის მხარდამჭერი შვედური ავტომწარმოებელი „ვოლვოა“. ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტის AstraZeneca-სა და შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს პარტნიორება 40-წლიან ისოტრიას ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამაც არჩევანი სწორედ „ვოლვო ქარ საქართველოზე“ შეაჩერა.„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

1714479929

"ნიკოლის" პროდუქცია დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ბაზარზე იყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის „ნიკოლი“ პროდუქცია დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ბაზარზე იყიდება.როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტი უკვე 2-ჯერ განხორციელდა.„ვიმედოვნებთ, რომ ისრაელსა და ბრიტანეთში ექსპორტს გავაგრძელებთ. რადგან მოკლევადიან პერიოდში მეორე შეკვეთაც გააფორმეს, ვფიქრობ, რომ დადებითი შედეგი დაიდება. ახლო მომავალში ერთ გამოფენაზე მივდივართ და ახალ კონტაქტებს კიდევ შევიძენთ“, - აცხადებს ნიკა ნიკოლაიშვილი.მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ახალი საექსპორტო ბაზრის დამატებას კომპანია არ აპირებს.რაც შეეხება ნედლეულს - ნიკა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ტანსაცმლის წარმოებისთვის ნედლეული თურქეთიდან შემოაქვთ.ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

1714479335

"მეტროპოლი" უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე

სამშენებლო კომპანიამ დამთვალიერებელს მიმდინარე პროექტები გააცნო ღონისძიების სტუმრებმა „მეტროპოლის“ შეთავაზებების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო გამოფენა 26-28 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროექტებით წარდგა. უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში დეველოპერული კომპანია წელს პირველად მონაწილეობდა.სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, გამოფენის სტუმრებს თავისი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან კომპანიის წარმომადგენლებმა დამთვალიერებელს „მეტროპოლის“ სრული სამშენებლო ციკლი გააცნეს.საერთაშორისო გამოფენა Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართულ რეალობაში. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშისათვის, მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და გასათვალისწინებელია თითოეული კომპონენტი, იქნება ეს ობიექტის ლოკაციის შერჩევა, არქიტექტურული დაგეგმარება, დიზაინი, ენერგოეფექტური მასალები თუ, ზოგადად, თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები დეველოპერულ სექტორში.  ვფიქრობთ, ამ დეტალების გაზიარებით მომხმარებელს ვეხმარებით, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. მეორე მხრივ, ასეთი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა უშუალოდ პირველწყაროსაგან მივიღოთ უკუკავშირი, შევიტყოთ მეტი მათი სურვილებისა და მოთხოვნის შესახებ. ჩვენ მუდმივად ვმონაწილეობთ მსგავს შეკრებებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე მონაწილეობა მივიღეთ შანხაისა და ყაზახეთში გამართულ ექსპოებში. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ახალი პარტნიორობის დასაწყებად“.საერთაშორისო გამოფენას Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. საერთაშორისო კვირეული სამ ღონისძიებას აერთიანებდა: უძრავი ქონების გამოფენას, ასევე ფორუმს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას და B2B შეხვედრებს მოიცავდა, და  მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ს.უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „მეტროპოლმა“ ხუთი მიმდინარე პროექტი წარადგინა.„მეტროპოლის“ პროექტებიდან თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. 14-სართულიანი მრავალფუნქციური  საცხოვრებელი სივრცის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.  დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ოვალისთვის“ ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსი პანორამული ხედებით იქნება გამორჩეული.მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

1714461540

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 მილიონ ტონას მიაღწია

2019 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული შახტების რეაბილიტაციის პროგრამისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შედეგად, ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის აპრილის ბოლოს საქნახშირმა ჯამში მილიონ ტონას მიაღწია და ინტენსიური რეკონსტრუქციის ეტაპზე გადავიდა.„ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავძლიეთ არაერთი გამოწვევა, გავაანალიზეთ ყველა ეტაპი, რომლის გამოვლაც დღემდე მოგვიწია და ვართ ძალიან ამაყები, რომ შევძელით მოპოვების მაჩვენებლის მილიონ ტონამდე გაზრდა. ვფიქრობ, საქნახშირს განვითარებისა და წინსვლის უდიდესი პერსპექტივა აქვს, ისევე როგორც ტყიბულს. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს - დასრულდება შახტის რეკონსტრუქცია და დავიწყებთ დახრილი ჭაურის მშენებლობას. ვგეგმავთ, რომ მოპოვების მაჩვენებელი წელიწადში 1 000 000 ან, მინიმუმ, 850 000 ტონამდე გავზარდოთ. ამ ეტაპზე, ხელის შემშლელ ფაქტორებს ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზნებს შეუფერხებლად განვახორციელებთ,“ - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი.4 წელია საქნახშირში უწყვეტად მიმდინარეობს გადაიარაღებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, 84%-ით გაიზარდა შრომის ანაზღაურება, გაუმჯობესდა სამუშო პირობები; შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საწარმო აღიჭურვა თანამედროვე საგაზო დაცვის სისტემით, მოხდა პერსონალის გადამზადება და გამკაცრდა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი.კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით, დასაქმებულები მაქსიმალურად არიან ჩართულები საწარმოს მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმატებით ფუნქციობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 75 წევრს აერთიანებს. საბჭოს მუშაობის მიზანს თითოეულ დასაქმებულსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესებში ჩართვა და მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად მოგვარება წარმოადგენს.გარდა ამისა, საქნახშირი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შორის სამთო-მოპოვებით დარგზე ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაცია. პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს და საწარმოს ზედაპირულ კომპლექსზე ინფო ტურებს მოიცავს. გარდა ამისა, საქნახშირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის დაფინანსების პროექტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის მხრიდან ახალგაზრდების კარიერულ წინსვლაში დახმარებას, ასევე, მუშაობისა და ცხოვრების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას გულისხმობს.მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, საქნახშირის ძირითად მიზანს ახალი თაობის სამთოელებზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს.  ამჟამად კომპანიაში 1250 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს წლებში, საქნახშირი ამ რიცხვს გააორმაგებს და 2500-მდე გაზრდის. აქედან, 850 ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი იქნება.

1714457940

"გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი"- კომპანია "ბლოქსის" დამფუძნებელი

კომპანია “ბლოქსის" დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. "მსურს როგორც ბიზნესმენი და კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა გამოვხატო თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ.ევროპული ოჯახი წევრობა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალია, რომელიც გვაერთიანებს.ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რისთვისაც საქართველომ არაერთი დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.მჯერა, ჩვენი ქვეყანა - ხალხი და ხელისუფლება გააგრძელებს წინსვლას ამ გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი! რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ.საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ვნებათაღელვაც ჩაივლის. საკამათო ბევრი საკითხია ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანა და სამშობლო ერთია და მას უნდა გავუფრთხილდეთ,"-წერს  კვაჭაძე. 

1714399796

"ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები" - ირაკლი კვერღელიძე

"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე, განცხადებას ავრცელებს."დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია და ამ გზაზე, მნიშვნელოვანია, ღიაობა და გამჭვირვალობა. საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. ყოველდღიურად იზრდება ევროპული ქვეყნებისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რაც განპირობებულია, სწორი და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით და პირდაპირ მიანიშნებს ბიზნესის თავისუფლებაზე, რაც საბოლოო ჯამში დასავლური ინვესტიციების დაინტერესებას იწვევს და ამაზე მოწმობს, არაერთი საერთაშორისო კვლევა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო აღწევს წარმატებებს ბევრი მიმართულებით და ეს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვისაა ხელსაყრელი, რათა შექმნას ეკონომიკური დოვლათი.ქვეყნის განვითარების გზაზე, ასევე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდების გასაღები იქნება, დასავლურ საქმიან სამყაროში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროპული მომავალი, მათ აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობებს მისცემს,"- წერს კვერღელიძე 

1714399303

Gulf-ის დამფუძნებელი: ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება

Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე  განცხადებას ავრცელებს. „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა!დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა და ფასეულობათა ჭიდილში იმყოფება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა ვემსახუროთ უზენაეს მიზანს - ერთიანობით ვიაროთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, გამთლიანების, კეთილდღეობის და ევროინტეგრაციის გზაზე.ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება - ამ სახის კონკურენციას მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს და მას საქართველო ჰქვია!“ - წერს ვანო ნაკაიძე.

1714397675

"დღეს, როგორც ბინების დღიური, ისე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს"

უძრავი ქონება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად რჩება, შესაბამისად, მასზე როგორც მოთხოვნა, ისე ფასები წლიდან წლამდე მზარდია - ასეთია სექტორის წარმომადგენლების შეფასება.„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ისინი ამბობენ, რომ მიგრაციული ეფექტის ამოწურვის შემდეგაც, ბაზარი დინამიკურად ვითარდება და მკვეთრი რყევები არ შეინიშნება არც ტრანზაქციების და არც ღირებულების ნაწილში. მეტიც, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში ელიან, რომ მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე სტაბილური ფასები შენარჩუნდება, მოთხოვნა კი კვლავ მზარდი იქნება, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია ავარიული ბინების ფონდი, რომელთა ჩანაცვლებაც მიმდინარეობს.რაც შეეხება ამჟამინდელ სტატისტიკურ მონაცემებს ფასებთან მიმართებით, საქსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი თითქმის არ შეცვლილა და 1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსის ზრდა გაცილებით თვალშისაცემია და 41%-ს აღემატება.განსხვავებით გასაყიდი უძრავი ქონების ფასებისგან, სადაც აღმავალი ტრენდი ფიქსირდება, კლების ტენდენციაა ქირის ფასებზე. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიგრაციის გამო, ხელოვნურად გაზრდილი ფასები ნელ-ნელა ქვევით მოდის. თან, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჯერჯერობით როგორც ბინების მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას.„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას, საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ბინების როგორც ხანგრძლივ, ისე დღიურ გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მისი თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო, მოქალაქეები ბინების გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, ახლა ეს ადამიანები კვლავ ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისს დაუბრუნდნენ, რამაც სექტორში კონკურენცია გაზარდა. Wehost-ის  თანახმად, ამაზე მიუთითებს ბინების გასაქირავებელ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოდან განთავსებული ბინების მზარდი რიცხვიც. მაგალითისთვის, თუ ადრე Airbnb-ზე თბილისიდან გასაქირავებელი ბინების რაოდენობა პირობითად 12-13 ათასი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 20 ათასამდეა გაზრდილი.რაც შეეხება ქირის ფასებს, თიბისი კაპიტალის ბოლო მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა. თუმცა, დარგის ექსპერტების განმარტებით, ქირის ღირებულების კლება არ ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება არა საინტერესო დაზოგვის ინსტრუმენტი ხდება, რადგან აქ ამონაგები კვლავ საკმაოდ მაღალია.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით