logo
Loading data...
1714575014
ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ), ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში.ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.მორიგი კვლევითი ნაშრომი "საქართველოს ეკონომიკის DSGE მოდელი: მზარდი ეკონომიკის ფრიქციების LEGO", მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ახლად შექმნილი DSGE მოდელი არის მნიშვნელოვანი დამატებითი ხელსაწყო საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიზისა და პროგნოზირების სისტემისათვის. აღნიშნული DSGE მოდელი განვრცობილია რეალური ეკონომიკისა და საგარეო სექტორის დეტალური სტრუქტურით. ამდენად, შესაძლებელს ხდის მზარდი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი მიწოდებისა და საგარეო შოკების უფრო სიღრმისეულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის გარკვეული მახასიათებლები უკვე სტანდარტულად გამოიყენება ლიტერატურაში, ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ნაკლებად სტანდარტული, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც.კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

1714461490

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

1714461443

იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 841 ობიექტი - "საქსტატი"

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.0 პროცენტით მეტი)."საქსტატის" ცნობით, ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2 პროცენტით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი).ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 14.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

1714378092

ირაკლი ლექვინაძე ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს  კონკურენციისა  და  მომხმარებლის  დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.„ფარმაცევტულ ბაზარზე 2022 წელს, მონიტორინგის ფარგლებში  13 რეკომენდაცია გავეცით, რომლის დანერგვაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად, ბაზარზე  კონკურენციის კუთხით პოზიტიური შედეგები და ფასების შემცირება ფიქსირდება. რაც შეეხება კონცენტრაციებს, შემუშავებულია კონტროლის ეფექტური მექანიზმი და ყოველკვარტალურად მიმდინარეობს განხორციელებული გაერთიანებების შემოწმება, შეუტყობინებლობის შემთხვევებში ხდება რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.ფორუმში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე, რომელმაც პრეზენტაციის ფორმატში მონაწილეებს ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  ყაზახეთში, ქ. ალმათიში,  გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 15 ქვეყნის 200 დელეგატი. მათ შორის, კონკურენციის უწყებების პირველი პირები. კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN), თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD), და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეებმა განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ შედეგები, უახლესი ტენდენციები, მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები.  

1714142640

ნათია თურნავა USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროექტის (CIDR) დანერგვის დეტალებსა და მიმდინარე/დაგეგმილი აქტივობების შესახებ იმსჯელეს.CIDR-ის რეგიონული პროექტი, რომელსაც DAI (Development Alternatives, Inc.) USAID-თვის ახორციელებს ახალი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას.ნათია თურნავამ შეხვედრაზე ფინანსურ სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად კიბერუსაფრთხოების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მიმდინარე ტენდენციებს და მონიტორინგის საფუძველზე ახდენს კიბერსაფრთხეების პრევენციას."მივესალმებით ახალი პროგრამის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას. ციფრული ტრანსფორმაციის კვალდაკვალ კიბერუსაფრთხოება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  ეროვნული ბანკი მუდმივად აკვირდება საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და ახორციელებს შესაბამის მონიტორინგს, რათა ცალკეულ საფინანსო ინსტიტუტსა თუ სექტორზე კიბერშეტევის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დროული რეაგირება და შესაბამისი ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ  გაზიარება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ გვქონდეს ბიზნესის უწყვეტობისა და მზადყოფნის ეფექტური გეგმა შესაძლო ფართომასშტაბიანი კიბერინციდენტის შემთხვევაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტმა CIDR-ის პროექტის გუნდთან კოორდინაციით შესაბამისი პროგრამები და აქტივობები დაგეგმა.საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას USAID/საქართველოს ციფრული განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უფროსი მრჩეველი მიქაელ ბეიკერი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროექტის (CIDR) დირექტორი საქართველოში ქრისტინე ნაჭყებია, PMCG-ის წარმომადგენლები შალვა ხუციშვილი და გიორგი იაშვილი ესწრებოდნენ.

1714121849

"მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება, ის ინკლუზიურია და პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან"

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების კვირეულის ოფიციალურ გახსნაში.ლევან დავითაშვილმა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“-ში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დეველოპერული და სამშენებლო სექტორების ზრდა-განვითარების მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში მათ როლზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც „ექსპო ჯორჯიასა“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული. კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება იმართება: უძრავი ქონების გამოფენა; სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build და უძრავი ქონების ფორუმი.კვირეულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა  და მეტროლოგიის ეროვნული  სააგენტო“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ მონაწილეობენ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მათი გაერთიანებული სტენდი დაათვალიერეს. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვირეული სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უახლოესი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე პოტენციურ ინვესტორებს - საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, შედგეს კომერციული გარიგებები და საქმიანი კონტაქტები დამყარდეს.  ლევან დავითაშვილმა გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდის არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, ასევე ძალიან მაღალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში - ბოლო სამ წელიწადში 5.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით. „ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ სტაბილური, მდგრადი და ეს არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან  განვითარებაზე გვქონდეს აქცენტი.  წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, შევინარჩუნეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, თებერვალში მშპ-ს ზრდა 9.5 % იყო.  ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს, ამას ადასტურებს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც.  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი პროგნოზი 6.3%-ით განსაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის სამინისტროს როლზე  სექტორის შემდგომი, სტაბილურად განვითარებისა და  კონკურენტული გარემოს არსებობის მიზნით გატარებულ რეფორმებსა და მარეგულირებელი გადაწყვეტილებებზე.მისი ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე - მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. სამინისტრომ უკვე დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებზე მუშაობა, მომზადდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად რეგლამენტი.ასევე ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემა და ა.შ. „მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

1714044600

"დაგეგმილი ცვლილებები საპენსიო ფონდს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ გადააქცევს" - ირაკლი ნადარეიშვილი

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვლილებათა მორიგი პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ცვლილებები არსებულ მეორე სვეტის საპენსიო კანონმდებლობაში დაემატება, რომელიც გააუმჯობესებს მმართველობის სტრუქტურას, ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას.  საინვესტიციო ნაწილში, ფონდს კაპიტალის ბაზარში ინვესტირების უფრო მეტი საინტერესო ინსტრუმენტი ექნება.„კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა. ჩვენ წელს წარვადგენთ ახალ პროგრამას რომელიც დაკავშირებული იქნება წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობასთან. მთავრობამ უკვე მოიწონა და ამ დღეებში პარლამენტში გადაიგზავნება ცვლილებათა მორიგი პაკეტი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობისა და ზედამხედველობის სტრუქტურას და ამავე დროს, საპენსიო ფონდს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გაუხსნის კაპიტალის ბაზარში ინვესტირების თვალსაზრისით. ეს ამ ინსტიტუციას გადააქცევს მთავარ მოთამაშედ საქართველოს კაპიტალის ბაზარში ძალიან სწრაფად მზარდი გრძელვადიანი ლარის რესურსით“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო წელს ასევე, წარადგენს ახალ პროგრამას, რომელიც დაკავშირებული იქნება წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობასთან. მთლიანობაში, კი კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმაა - თუკი აქამდე ძირითადი ფოკუსი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება იყო, მეორე ფაზა სტიმულირებას და ახალ ინვესტორების გააჩენს გულისხმობს.სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” USAID-თან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა. ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების სტიმულირების გზით. პროგრამის ფარგლებში, წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა,  რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

1714042653

"მნიშვნელოვანია, საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური ცოდნა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსებების მოზიდვის შესაძლებლობებზე"

„კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც  კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" გამართა და მას საჯარო და კერძო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. დამსწრე საზოგადოებას პროგრამა დეტალურად გააცნო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.„ჩვენი სამინისტროს გუნდი კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმაზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს - ჩამოყალიბდა საინვესტიციო ფონდების ახალი კანონმდებლობა, დაიწყო და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, შეიქმნა მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები: ქავერდ ბონდები, სეკიურიტიზაციის კანონი, ნებაყოფლობითი საპენსიო ე.წ მესამე პილარი და ა.შ. თუმცა, რეფორმის წარმატებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბაზრის კონკრეტული ინსტრუმენტებით სტიმულირება და ხელშეწყობა, სწორედ ეს მიგვაჩნია რეფორმის შემდგომ ფაზად“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.რაც შეეხება პროგრამის ამოცანებს - „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულება მიზნად ისახავს  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს,  სააგენტო შესაძლებლობას მისცემს, პროგრამის თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ. ამასთან, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. ამ პროგრამის თანახმად, ასევე იგეგმება 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური ცოდნა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსებების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ. მისი ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და დეტალური სამოქმედო გეგმა, მათ შორის წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობის და საპენსიო რეფორმის დახვეწის მიმართულებით - შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით „აწარმოე საქართველოში“ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას.  ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.„დარწმუნებული ვარ, ეს უმნიშვნელოვანეს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართველ მეწარმეებს ბიზნესის დაფინანსების და განვითარების ნაწილში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

1714042095

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" USAID საქართველოსთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.„აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.ახალი პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს, სააგენტო მისცემს შესაძლებლობას პროგრამის ორ - თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ. ხოლო, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა მონაწილეობას მიიღეს 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერაშიც.კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციას სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით „აწარმოე საქართველოში“ მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა

1714039998

"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას" - მიხეილ ხიდურელი

„ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას“ - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.„სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი გვაქვს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. თუმცა, ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში აუცილებელია, შესაბამისად, მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ახალი პოლიტიკით, დავამუშავეთ და უკვე ჩავუშვით ახალი პროგრამა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების მიმართულებით.პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ ბიზნესს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიამ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რამდენად დაეხმარება ეს მას განვითარებაში. სააგენტოს კონკრეტული მექანიზმებით: 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებით და განთავსების საკომისიოს ანაზღაურებით, გვექნება გრანტები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ბროკერებთან თანამშრომლობით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას.დაინტერესება და მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია. პროგრამა არის ყველასთვის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - ჩვენ მხოლოდ ფინანსურად არ დავეხმარებით მათ, ტექნიკური დახმარების თვალსაზრისითაც დავუჭერთ მხარს, რომ მზად იყვნენ ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად. პროგრამის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც სხვა ბევრ პროგრამაში, ჩვენი პარტნიორია USAID“ - განაცხადა ხიდურელმა.მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტო კიდევ რამდენიმე მექანიზმის ამოქმედებას აპირებს:„წელს ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ე.წ. ექვითი ფონდი, სადაც სააგენტო ლიმიტირებულ პარტნიორად იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ერთად, საშუალებას მივცემთ კომპანიებს გამოიყენონ ფონდის დახმარების მექანიზმი“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით