2025 წლის ოქტომბერში,თბილისში უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა განაგრძო და თვიურად 0.6% ით გაიზარდა 1,352 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1,286 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2025 წლის III კვარტალის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამავე კვლევის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
მიწოდების მხარეს, წელს ჯამურად გაცემული ნებართვების მოცულობამ მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნდა - რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის პოტენციალს.
2025 წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,232 შეადგინა, აქედან, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (10 თვეში +1.6% წ/წ), პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 13.7%-ით გაიზარდა (10 თვეში +5.9% წ/წ).
2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა, Galt & Taggart-ის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით, 2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ).
2025 წლის ოქტომბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 135,487კვ.მ.-ს შეადგენდა (-44.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად მცირედი 0.6%-ით შემცირდა და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა.
2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია.