ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე გაუქმებები ყოველდღიურად შემოდის, თუმცა მოვლენების განვითარების მიხედვით ვმოქმედებთ - მომდევნო კვირებში დაგეგმილი ტურები ჯერჯერობით გაუქმებული არ არის, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მელიქიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, Travelfy დახმარებას უწევს ომის გამო სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ მომხმარებლებს.
"ამჟამად ტროპიკული მიმართულებების სეზონია, სადაც გასამგზავრებლად სწორედ იმ ჰაბებს ვიყენებდით, სადაც დღესდღეობით პრობლემებია, მათ შორის, დუბაი, კატარი და ა.შ. ამ ქალაქებშიც არიან ჩარჩენილი ადამიანები და იმ ქვეყნებშიც, რომელთა გავლითაც უნდა დაბრუნებულიყვნენ მოქალაქეები საქართველოში. ავიაკომპანიები ცდილობენ დახმარებას, თუმცა არიან ისეთი ავიაკომპანიებიც, რომლებიც გაურბიან ამ პასუხისმგებლობებს. ჩვენ როგორც ტურისტული კომპანია, ვცდილობთ, რომ ყველასთან ვიყოთ ხაზზე და დავეხმაროთ მათ. არიან მომხმარებელთა ის კატეგორია, რომელიც საკუთარი ხარჯით ყიდულობს ახალ ბილეთს და სხვა ქვეყნების გავლით მოდის საქართველოში. საკონსულოებიც კავშირზე არიან. ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე არსებობს", - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.
მანვე აღნიშნა, ტურისტული კომპანია მუშაობას აქტიურად აგრძელებს და შეთავაზებების ნაწილში ორიენტირება სხვა მიმართულებებზე კეთდება.
"გვაქვს უკვე გამოცდილება სხვადასხვა ომიდან გამომდინარე. ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე პანიკა და შემდეგ ამ პანიკის გასვლას რაღაც დრო სჭირდება. თუმცა ეს მხოლოდ მსოფლიოს ერთი ნაწილია და მეორე მხარეს არაფერი არ ხდება და ადამიანები მარშრუტებს ცვლიან. ჩვენც ძალიან მალე გამოვდივართ ხოლმე მდგომარეობიდან და იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე დამთავრდება", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი .