კომპანია „კაზინ DMC“-ის წარმომადგენელი, ცოტნე მიროტაძე, მიიჩნევს, რომ გასული წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და პოზიტიური დინამიკის წლად შეიძლება შეფასდეს. მისი განცხადებით, გაზრდილი ტურისტული ნაკადები, ბაზრების ეტაპობრივი დივერსიფიკაცია და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა დადებითად აისახა სექტორის განვითარების ტემპზე.
ცოტნე მიროტაძის თქმით, კონკრეტული სეგმენტისთვის, ზამთრის სეზონი განსაკუთრებით მიმზიდველია. „ზამთრის სეზონი, რა თქმა უნდა, კარგია სოლო მოგზაურობისთვის, ასევე მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავს,"- აცხადებს მიროტაძე.
რაც შეეხება MICE ტურიზმს, მიროტაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა, წლის დასაწყისში, ზამთრის კურორტებთან შედარებით, დაბალია, 2026 წლისადმი საერთო მოლოდინები პოზიტიურია. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში საქმიანი შეხვედრებსა და კონფერენციებზე მოთხოვნა, ტრადიციულად დაბალია, საერთო სურათი მაინც იმედისმომცემია. ჩვენ უკვე ვხედავთ ინტერესის ზრდას მომავალი კვარტლების მიმართ, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ 2026 წელი პოზიტიურად შევაფასოთ“.
მიროტაძე სექტორის პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ მარკეტინგული კამპანიებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას უკავშირებს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ეს წელიც წარმატებული იქნება, რადგან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი მუშაობით, ბევრი მარკეტინგული კამპანია განვახორციელეთ, ვგეგმავთ ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს“ - აღნიშნავს იგი.
ტურიზმის სექტორის პოზიტიური დინამიკა ასახულია ოფიციალურ მონაცემებშიც: საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელიც 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.