საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს “ჰერიო სოლუშენს”, შპს “ედვაიზო სოლუშენს” და შპს „ვენროლი“ გახდნენ.
შპს “ჰერიო სოლუშენს” ქმნის სწრაფი დასაქმების პლატფორმას (Herioapp.com), რომელიც აკავშირებს სტუმარ-მასპინძლობის, რითეილისა და ტექ ინდუსტრიაში მოოპერირე კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს. პლატფორმა, ერთის მხრივ, ეხმარება ბიზნესებს იპოვონ კადრები, მეორეს მხრივ კი ეხმარება ახალგაზრდებს დროებითი სამუშაოს მოძებნაში, სხვადასხვა პროფესიის დატესტვასა და გამოცდილებების დაგროვებაში.
შპს “ედვაიზო სოლუშენს”-ის მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც კომპანიებში არსებული მანუალურად წარმართული ფინანსური ოპერაციების ავტომატიზაციას აკეთებს. პლატფორმა ადამიანის ჩარევის გარეშე მართავს ფინანსურ ციკლს - ინვოისების გენერირება, გადახდების იდენტიფიკაცია და შეჯერება, ანგარიშ-ფაქტურების RS.ge-ზე ატვირთვა და საბანკო ტრანზაქციების ასახვა. პლატფორმის გადაწყვეტა ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს და API ინტეგრაციებს საგადასახადო სისტემებთან, ბანკებთან და საბუღალტრო პროგრამებთან.
შპს „ვენროლი“ ქმნის ინოვაციურ-საგანმანათლებლო მობილურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ ენაზე შექმნილი ავტორიზებული მასტერკლასების მეშვეობით სასწავლო გამოცდილებას. პლატფორმა აერთიანებს დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებულ ხარისხიან კონტენტს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ მოქნილ სასწავლო მოდელს. აპლიკაციაში ინტეგრირებული AI-ის ფუნქციონალი ეხმარება მომხმარებლებს სწავლის დაგეგმვაში, შესაბამისი კონტენტის შერჩევასა და სწავლის პროცესის ოპტიმიზაციაში, რაც განათლებას ხდის უფრო პერსონალიზებულსა და ეფექტიანს.