საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დღევანდელობა და პერსპექტივა, - ეს ის მთავარი საკითხები იყო, რომლებზეც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ქვეყანა პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ზამთრისა და ზაფხულის მოხმარება ერთმანეთს გაუტოლდა. თუ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზამთარში იძულებულები ვართ, ელექტროენერგიის იმპორტი განვახორციელოთ, ამ სეზონს უკვე ზაფხულიც დაემატა. ანუ, ზაფხულშიც მოხმარების დონე იმდენად მაღალია, იძულებულები ვართ, რომ განვახორციელოთ ელექტროენერგიის იმპორტი, ან ვამუშაოთ თბოსადგურები, რაც ავტომატურად იგივეა, რაც იმპორტი იმიტომ, რომ თბოსადგურების მუშაობა იმპორტირებული გაზის მეშვეობით ხდება“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისივე განმარტებით, მოხმარება განსაკუთრებით მაღალია ივლისის თვეში, რომელიც უფრო ცხელია, ვიდრე აგვისტო.
„ასეთ დროს, ბუნებრივია, ვახორციელებთ ელექტროენერგიის იმპორტს, ან ვრთავთ უკვე თბოელექტროსადგურებს“, - განმარტა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
მან გაზაფხულის სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, გაზაფხულზე წყალუხვობის პერიოდია. „ეს არის ის დრო, როდესაც ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლებელია უმაღლეს დონეზე, ანუ პიკურ მდგომარეობაში. შეგვიძლია, ელექტროენერგია ვაწარმოოთ ძალიან დიდი დოზით - სწორედ ამ პერიოდში, ჩვენ თვითკმარი ქვეყანა ვართ. უფრო მეტსაც კი ვაწარმოებთ, ვიდრე გვჭირდება. თუმცა, აქ გამოწვევა არის ის, რომ სად წავიღოთ ეს ელექტროენერგია უკვე არ ვიცით“, - განმარტა მელიქიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტორის გამო, წელს ძალიან დიდი დოზით იყო შეზღუდვები როგორც მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით, ასევე ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით. ამან კი, კერძო სექტორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.