logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Auroom Bakuriani Resort-ი გაფართოებას გეგმავს

Auroom Bakuriani Resort-ი გაფართოებას გეგმავს

1792144860

ბაკურიანში მდებარე Auroom Bakuriani Resort-ი სასტუმროს გაფართოებას გეგმავს. როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა, ბექა ღაჟონიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ცალკე საკონფერენციო სივრცე აშენდება.

„გაფართოებას ვგეგმავთ. სასტუმროს აქვს საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე და კიდევ შევიძინეთ მომიჯნავე ნაკვეთი. ამჟამად გვაქვს საკონფერენციო სივრცე დაახლოებით 80 პერსონაზე და ვფიქრობთ ახალი, 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სივრცის აშენებას“, — განაცხადა ბექა ღაჟონიამ.

Auroom Bakuriani Resort-ის წარმომადგენლის ცნობით, უცხოელი დამსვენებლების მხრიდან მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურია. მათ შორის, განსაკუთრებული აქტიურობით ისრაელი გამოირჩევა, თუმცა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება გამოწვევებს მაინც ქმნის.

„იდენტური მომართვიანობაა, რაც გასულ წელს იყო უცხოელი ტურისტების მიმართულებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა ისრაელიდან გვაქვს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ფრენების შეფერხება ტურისტების ნაკადზე უარყოფითად მოქმედებს“, — აღნიშნა ღაჟონიამ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი თქმით, ქართველი დამსვენებლები ამ ეტაპზე ბაკურიანში დასვენებისგან თავს იკავებენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ელოდებიან, მანამდე კი არჩევანს ბორჯომზე აკეთებენ.

„ჩვენს სასტუმროს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქართველი დამსვენებლებისთვის, რომლებიც წლებია ჩვენთან ისვენებენ. ისინი გვიზიარებენ ინფორმაციას, რომ ცდილობენ სხვა კურორტზე დაისვენონ, სანამ გზის რეაბილიტაცია დასრულდება“, — აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

ბექა გაჟონიას განცხადებით, მომსახურების სფეროში არსებული კადრების დეფიციტის გამოწვევას სასტუმრო თანამშრომლების წლის განმავლობაში შენარჩუნების სტრატეგიით უმკლავდება.

„მომსახურების სფეროში კადრის პოვნა ჭირს, მით უმეტეს ბაკურიანში, სადაც უამრავი ვაკანსიაა. ჩვენ სეზონურად არ ვამუშავებთ პერსონალს — მთელი წელი ვუხდით მუდმივ ანაზღაურებას, რომ კადრის პრობლემა არ გვქონდეს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, საქართველოს სამთო კურორტებზე -  გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში — 2026-2027 წლების ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება.

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით