5 ქართველი სტუდენტი აზერბაიჯანის ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის 10-თვიან ინტენსიურ აკადემიურ პროგრამაში სრულიად უფასოდ ჩაერთვება. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის აკადემია ახორციელებს, მასში მონაწილეობა კი ქართველი სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრს (NAIC) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
"პროგრამის მონაწილეები 10 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს შეისწავლიან. სტუდენტებს ასევე ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა, რაც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას მოიცავს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.