საქართველოში წლის ბოლოს საბურავების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა ამოქმედდება, რომელიც რეგიონული მასშტაბის იქნება. ამასთან, მომავალი წლიდან ელექტრომოწყობილობების ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის დაფუძნებაც იგეგმება.
როგორც ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარემ, გიორგი გულიაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ელექტრომოწყობილობების ნარჩენების ისეთი რაოდენობა გროვდება, რომ მათი ხელით და მექანიკური მეთოდებით დამუშავება უკვე რთულია. შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს შექმნა აუცილებელი გახდა.
„წლის ბოლოს პირველი საბურავების გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება, რომელიც რეგიონული დონის იქნება. მომავალი წლიდან ასევე ელექტრომოწყობილობების ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის საქართველოში დაფუძნებას ვგეგმავთ. აქაც იმ რაოდენობის ნარჩენებს ვაგროვებთ, რომ უკვე შეუძლებელია მათი მექანიკურად და ხელით დამუშავება. ამიტომ გახდა აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოს ჩამოტანა“, - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
მისი თქმით, ელექტრომოწყობილობების ნარჩენები სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ მათი სათანადო მართვა და გადამუშავება აუცილებელია.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ზომის ელექტრომოწყობილობების ნარჩენები ხშირად ნაგავსაყრელებზე ხვდება, რადგან მათ საერთო საყოფაცხოვრებო ნაგვის ურნებში ვყრით. ეს ნარჩენები სპეციფიკურია, რადგან სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემთხვევაში, ასეთი ნივთიერებები საბოლოოდ ნიადაგსა და წყალში ხვდება. შემდეგ ამ წყალსა და ნიადაგს სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ამიტომ აუცილებელია, ამ ტიპის ნარჩენები სწორად იმართოს. 2020 წლიდან მოწინავე ქვეყნების სიას შევუერთდით და ამ ტიპის ნარჩენებისთვის უკვე გვაქვს რეგულაცია და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ისინი ცალკე უნდა შეგროვდეს და გადამუშავდეს. „ვეისთლესია“ ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში აღებული აქვს ვალდებულება, რომ ეს ნარჩენები შეაგროვოს და გადაამუშაოს“, - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, ელექტრომოწყობილობების ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად არ გადაყარონ და მათი ჩაბარებისთვის განკუთვნილი პუნქტები გამოიყენონ.
„ვეისთლესი“ მომგებიანი ორგანიზაცია არ არის. ასოციაციის უკან 17 ათასი კომპანია დგას, რომლებიც ჩვენი წევრები არიან. მათ ვალდებულებებს კოლექტიურად ვასრულებთ. ამ მიმართულებით ბიზნესიც ჩართულია და თავადაც წარმოქმნის დიდი რაოდენობით ამ ტიპის ნარჩენებს, რომლებსაც ჩვენ გადმოგვცემს.
მხოლოდ წელს დაახლოებით 10 ათას ტონა ელექტრომოწყობილობის ნარჩენს შევაგროვებთ. ამას ორი მიმართულება აქვს - გარემოსდაცვითი და ეკონომიკური. გადამუშავების შედეგად ამ რესურსების ეკონომიკაში დაბრუნებით გარემოზე ზემოქმედებას ვამცირებთ და მათ ახალი პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ“, - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
მისი თქმით, ნარჩენების ჩაბარებისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 500 ადგილია გამოყოფილი, სადაც სპეციალური, ბრენდირებული ყუთებია განთავსებული.
„ეს არის ელექტრომოწყობილობებით მოვაჭრე ქსელური მაღაზიები, სადაც ჩვენი ბრენდირებული ყუთებია განთავსებული. მოსახლეობას შეუძლია, შესაბამისი ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში მოიძიოს. ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში ვართ წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ნარჩენების სწორად მართვის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანია განგრძობითი ხასიათის იქნება.
ცნობისთვის, Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომელიც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელს უწყობს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
ასოციაცია წარმოადგენს არამომგებიან იურუდიულ პირს, რომელმაც 2022 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოიპოვა ავტორიზაცია ოთხივე მიმართულების სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე: ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები.