ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გლობალურად ნედლ ნავთობზე არსებული დეფიციტის და მაღალი მოთხოვნის ფონზე, ქვეყანამ საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო საწვავის გადამუშავება უნდა შეეძლოს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა მისი სიმძლავრეები არაა საკმარისი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტის გამოშვება შეძლოს. ნავთობიმპორტიორთა კავშირში ელიან, რომ თუკი საწარმოს მშენებლობა სამთავრობო დონეზე გადაწყდება, მასში ინვესტირებით საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდებიან.
"რა გახდა ერთი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მაღალი ევრო ხუთის სტანდარტის პროდუქტს გამოუშვებს. მთავრობამ უნდა მიიწვიოს დიდი კომპანიები და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. უამრავი უცხოელი იქნება დაინტერესებული, რომ ამაში ჩადოს ფინანსები. ქვეყანას აქვს ზღვა, პორტები. გასასვლელი-გამოსასვლელი. ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ ამ მხრივ ვიყოთ მიმზიდველი ინვესტირებისთვის," -აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.