საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში, ეს სექტორი აბსოლუტურად არასწორად იმართებოდა.
„დღეს, სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება და ბერკეტი, რომ თავი დაიცვას დემპინგისგან. არ არის არანაირი ცვლილება საჭირო კანონმდებლობაში, უბრალოდ, აუცილებელია შესყიდვების პროცედურებში მარტივი ანტიდემპინგური მექანიზმის დანერგვა. ჩვენ ეს ინიციატივა ერთი წლის წინ გვაქვს წარდგენილი. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დაბალი ფასი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი და გადაწყვეტილების მიმღები“, - ამის შესახებ ირაკლი გიორგობიანმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს წარსული საქმიანობის ინდექსი.
„ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი ინდექსი არ გვაქვს. დღეს, ფაქტობრივად, ტენდერის შეფასების ნაწილში, არანაირი განსხვავება არ არსებობს კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კომპანიებს შორის. ანუ, მათ შორის - ვინც კარგი ხარისხით, დათქმულ ვადაში შეასრულა პროექტი და ან, პირიქით - დაბალი ხარისხით და ვადა გადაცილებით შეასრულა პროექტი. მგონია, რომ ეს არ არის სწორი და სამართლიანი. ამით ჩვენ სტიმულს არ ვაძლევთ ბაზრის მოთამაშეებს, რომ უკეთესად და დროზე ადრე შეასრულონ პროექტები“, - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა.
მისივე შეფასებით, კომპანიებისთვის დიდი სტიმული იქნება თუ ეტყვიან, რომ პროექტის ხარისხიანად და დროულად ჩაბარების შემთხვევაში, შემდეგ ტენდერში მათ კონკურენტული უპირატესობა ექნებათ.
„დარწმუნებული ვარ, ეს დროც მოვა. დღეს, სახელმწიფო მოწადინებულია, რომ ამ სექტორის რეფორმა მოახდინოს“, - აღნიშნა გიორგობიანმა და იქვე განმარტა, რომ ამ ტიპის რეფორმები 1 და 2 დღეში ვერ ხორციელდება და დრო სჭირდება.