კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევა 13 553 ოჯახში გამოვლინდა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან თითოეული ასეთი ბინა შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
„დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. როდესაც 2018-2019 წლებში 80-90 ათასი დარღვევა გვხვდებოდა, არასრულ წელიწადში 13 ათასი აღმოჩნდა. თუმცა, ესეც ბევრია, რადგან ეს არის 13 ათასი საფრთხის შემცველი ბინა. 13 ათას ბინაში თვითნებურად ჰქონდათ დამონტაჟებული გაზსადენი ან ღია წვის კამერიანი დანადგარი კუსტარულად, ნორმების დარღვევით.
გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა - ეს არის ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია და, მეორე მხრივ, ბუნებრივი აირის დაგროვება, გაჟონვა და აფეთქება. ამ 13 ათას შემთხვევაში ჭარბობს ორი ტიპის დარღვევა - თვითნებურად, კუსტარულად, ყველა ნორმის დარღვევით დამონტაჟებული გაზსადენი და ღია წვის კამერიანი დანადგარი, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული. ამან შეიძლება ერთ საათში ან ერთ კვირაში უბედური შემთხვევა გამოიწვიოს.
მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდო, პირველ რიგში, ყურადღებით იყვნენ დანადგარების ექსპლუატაციის დროს, მაგრამ ასევე ყურადღება მიაქციონ მათ ტექნიკურ გამართულობას და გათბობის სეზონის დაწყებამდე სპეციალისტებს პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარონ. მაგალითად, გამოიძახონ გათბობის ქვაბის, ე.წ. კარმის ხელოსანი და ა.შ. არ დააყენონ თვითნებურად გაზის დანადგარები. გარდა ამისა, თვითნებურად არ მიიყვანონ გაზის ქსელი აღნიშნულ დანადგარებთან“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
ის ასევე მოსახლეობას ურჩევს, ბუნებრივი აირის ქსელთან მიერთება არაპროფესიონალ ე.წ. სპეციალისტებს არ მიანდონ. მისი თქმით, ჩაჭრილი აბონენტების ხელმეორედ ჩართვის შემთხვევები შემცირებულია.
„ხელმეორედ ჩართვის შემთხვევები 30-40% იყო. ჩაჭრილი 100 აბონენტიდან, რომლებსაც შემდეგ გადავამოწმებდით, 30-40 აბონენტს ისევ დარღვევით ჰქონდა აღდგენილი გაზმომარაგება და ბუნებრივ აირს მოიხმარდა. ახლა ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 5-10%-მდე ჩამოვიდა“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, კომპანია წელიწადში ერთხელ ყველა აბონენტთან ამოწმებს მის კუთვნილებაში არსებულ გაზის დანადგარებს.
„კანონი გვავალდებულებს, რომ მოსახლეობას წინასწარ ვაცნობოთ, რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე მოხდება მათი ბინების დათვალიერება. ზოგი ადამიანი შეიძლება ვერ დაგვხვდეს, სახლში არ იყოს. შემდგომ ჩვენ ვცდილობთ ამ მოქალაქეებთან დაკავშირებას“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
მან ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც აბონენტს დაუკავშირდნენ, მან კომპანიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ბათუმში იმყოფებოდა და როგორც კი ჩამოვიდოდა, თავად დაუკავშირდებოდა.
„აბონენტს 2025 წლის დეკემბრის შემდეგ გაზი არ მოუხმარია“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.