ქართულ ბაზარზე ინოვაციური სტარტაპი, სახელწოდებით „სმარტფო“ გამოჩნდა, რომელიც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სერვისების გამოყენებით ზრუნავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ SmartPaw-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გუგა აბაშიძემ განუცხადა, სტარტაპმა აქტიური ოპერირება, დაახლოებით, 2 თვეა დაიწყო. მიიზიდა ე.წ „ანგელოზი ინვესტორების“ ინტერესი და მათგან მიიღო გარკვეული თანხაც საინვესტიციოდ. შესაბამისად, უახლოეს თვეებში, SmartPaw-ს სერვისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება იგეგმება.
„დღესდღეობით, 2 მიმართულებით ვსაქმიანობთ. პირველი არის - საკვები პროდუქტებით მომარაგება. ანუ, შინაური ცხოველების მფლობელებს ვთავაზობთ ძაღლისა და კატის საკვების, ვიტამინებისა და ჰიგიენის საშუალებების ავტომატურ, პერიოდულ მიწოდებას სახლში. სერვისი მორგებულია ვეტერინარულ რეკომენდაციებზე და გამორიცხავს მაღაზიებში სიარულის საჭიროებას. რაც მთავარია, მომხმარებელს არ უწევს მიტანის სერვისისთვის დამატებითი ხარჯების გაღება. ანუ, თავად რა ფასადაც შეიძენდა ოთხფეხა მეგობრისთვის საკვებს, თუ სხვა საჭირო პროდუქტს ზოომაღაზიაში, იმავე ფასად მიგვაქვს მათთვის სახლში ყველა საჭირო პროდუქტი. ამით ისინი ზოგავენ როგორც დროს, ისე ენერგიასა და ხარჯებსაც.
რაც შეეხება ჩვენი საქმიანობის მეორე ნაწილს - ეს არის ჭკვიანი საკვებურების შექმნა და დანერგვა. SmartPaw აწარმოებს და ნერგავს საკვების ავტომატურ დისპენსერებს როგორც სახლის, ისე გარე გამოყენებისთვის. გარე სივრცეებში განთავსებული ჭკვიანი საკვებურები განკუთვნილია მიუსაფარი ცხოველების სისტემური და ჰიგიენური გამოკვებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი ბიზნესია - მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და სხვა, რომელთაც აქვთ გარე სივრცეები და მიკედლებული ჰყავთ ცხოველები. სწორედ, ასეთ ბიზნესებს ვთავაზობთ საკვებურების განთავსებას მათ ტერიტორიაზე, ცხადია, ამასაც ვახდენთ ჩვენი ხარჯებით. მიზანი - მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვაა“, - განაცხადა გუგა აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, SmartPaw-ს სერვისების ინოვაციურობიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე უკვე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან. ამჟამად, კომპანია 350-მდე მომხმარებელი ჰყავს და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
რაც შეეხება ინოვაციური სტარტაპის გეგმებს - დღეისათვის, SmartPaw-ს საკუთარი ვებგვერდი აქვს, თუმცა მიმდინარე თვის ბოლომდე, გაეშვება SmartPaw-ს მობილური აპლიკაციაც, სადაც ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებული უამრავი სერვისი დაემატება.
21 ნოემბრიდან კი, SmartPaw შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის სახალისო და შემეცნებითი თამაშების დაწყებას აანონსებს. პირველი თამაში, ე.წ განძის ძიება იქნება და აღნიშნულ აქტივობებს რეგულარული ხასიათი მიეცემა.