ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო. აუქციონი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოცხადდება. ბიზნესი ელის, რომ ენერგოსადგურების მშენებლობის მხარდამჭერ მექანიზმში შეიცვლება როგორც ტარიფები, ასევე მოხდება თავად სქემის მოდერნიზაციაც. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, ე.წ. ჰოლანდიურ მოდელზე.
წინასწარი ინფორმაციით, აუქციონში მოდინებაზე მომუშავე და კაშხლოვანი სადგურები მთავრობის მხრიდან განსხვავებულ მხარდაჭერას მიიღებენ. როგორც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისათვის, სქემის ყველა დეტალი კერძო სექტორისთვის ჯერჯერობით უცნობია. ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.
„ჩვენ დეტალური სქემა ჯერ არ ვიცით, თუმცა უახლოეს პერიოდში გვექნება შეხვედრა, სადაც ეს სქემა იქნება განხილული. ვიცით, რომ CFD აუქციონის პრინციპი იქნება სხვანაირი. ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, აბა ყველაზე იაფად ვინ შემოგვთავაზებს ენერგოპროექტის განხორციელებას, , სიმძლავრის და ტარიფების ნაწილში იქნება ე.წ. ჰოლანდიური მოდელი . როგორ იმუშავებს ეს მოდელი ეს უფრო ცხადი შეხვედრის შემდეგ გახდება. ნებისმიერი აუქციონის წინ იმის თქმა, რა უნდა იყოს ტარიფი, რთულია. ჰიდროგენერაცია ერთი ტექნოლოგია არ არის. განსხვავებული სქემები არსებობს, თქმა, რომ რაღაც ტარიფი ყველა ჰესისთვის მისაღებია, შეუძლებელია. დეკემბერში გამოცხადდება აუქციონი, ბევრი აღარ დარჩა ამ დრომდე, ვნახოთ როდის იქნება ბოლო ვადა.“-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
კერძო სექტორი მესამე CFD აუქციონის გამოცხადებას და ტარიფებში გაზრდილი ინფლაციის გათვალისწინებას უკვე დიდი ხანია ითხოვს.
ცნობისთვის, ენერგეტიკის სექტორში CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია - ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.