logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ჟინვალის წყალსაცავის სასარგებლო მოცულობა 310 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა

კლიმატის ცვლილება, ჟინვალის წყალსაცავში ნალექის დაგროვება და წყალმომარაგების სისტემებში არსებული დანაკარგები არაგვი-ჟინვალის ჰიდროლოგიური სისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. ამის შესახებ CENN-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც არაგვის აუზის წყლის რესურსებსა და მათზე მოქმედ ფაქტორებს აფასებს.

არაგვი-ჟინვალის სისტემა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებას, ასევე სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკულ სექტორს უკავშირდება. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ჟინვალის წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის შემცირებაა. თავდაპირველად ეს მაჩვენებელი 370 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით კი დაახლოებით 310 მილიონი კუბური მეტრი იყო. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი წყალსაცავში ნალექის დაგროვებაა, რაც მის მარეგულირებელ ფუნქციას ასუსტებს.

ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა წყლის რესურსების სეზონური განაწილებაც შეცვალოს, გაზაფხულზე მდინარის ჩამონადენი გაიზარდოს, ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე კი შემცირდეს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პერიოდში, როდესაც სარწყავ წყალზე მოთხოვნა მატულობს.

კვლევა ყურადღებას ამახვილებს ტყის საფარის მნიშვნელობაზეც. მისი შემცირება ზრდის ნიადაგის ეროზიისა და წყალსაცავში ნალექის დაგროვების რისკს, რაც წყლის რესურსების მართვას კიდევ უფრო ართულებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების დანაკარგები დაახლოებით 67%-ს შეადგენს.

კვლევის ავტორების შეფასებით, წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება, ტყის საფარის დაცვა და ინფრასტრუქტურული დანაკარგების შემცირება.

კვლევა CENN-მა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

გამოგვყევით