logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ფორუმი GEEF2026 ენერგეტიკის სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო მოთამაშეებს გააერთიანებს

Expo Georgia-ში დაგეგმილ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმს - GEEF2026-ს უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, ახალი მონაწილეები იტალიიდან, უზბეკეთიდან და პოლონეთიდან.

როგორც „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ღონისძიება სექტორის ძირითად მოთამაშეებს დიალოგის შესაძლებლობას აძლევს.

„ეს არის ფორუმი და გამოფენა. შესაბამისად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სტრატეგიები, რომლებზეც ფორუმზე ვისაუბრებთ, გამოფენაზე უკვე პრაქტიკულად გაგრძელდეს.

„ექსპო ჯორჯია“ ყოველწლიურად დაახლოებით 10 საერთაშორისო გამოფენას მართავს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ძირითად მოთამაშეებს აერთიანებს. აქ არიან როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე ვიზიტორები და ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც მთლიანად ამ სექტორშია ჩართული.

რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში გამოფენის ნაწილს, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ძირითად პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. ასეთი ათეულობით კომპანიაა სხვადასხვა ქვეყნიდან. ნიშანდობლივია, რომ მონაწილეთა 50% უცხოური კომპანიაა. მათ შორის, ახალი მონაწილეები გვყავს იტალიიდან, უზბეკეთიდან და პოლონეთიდან, რაც ძალიან საინტერესო იქნება.

ეს პლატფორმა ყველა დაინტერესებული მხარისთვისაა განკუთვნილი, როგორც პროდუქტისა და ტექნოლოგიების მიმწოდებლებისთვის, ისე პროექტების მფლობელებისთვის“, - განაცხადა რესან ქიქავამ.

მისივე თქმით, გამოფენას, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებიც მოჰყვეს.

„პულსზე ხელი გვიდევს და ვაკვირდებით, რომელია ისეთი სექტორი, რომლისთვისაც შეგვიძლია შევქმნათ პლატფორმა, რომელიც გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ემსახურება.

ორდღიანი გამოფენით ეს ურთიერთობა არ მთავრდება, ის გრძელდება და შედეგი შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ დადგეს, ზოგიერთ სექტორში კი - წლების შემდეგაც. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების იდენტიფიცირება, სადაც ამ ტიპის პლატფორმით მსგავსი ღირებულების შექმნას შევძლებთ. ჩვენი მიზანია, ერთი ქოლგის ქვეშ მოვაქციოთ სექტორი და მის წარმომადგენლებს დიალოგის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა რესან ქიქავამ.

ცნობისთვის, 26-27 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF2026 გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს. 

გამოგვყევით