logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

AccessAT საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

AccessAT-მა მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე ქართულენოვანი ხმოვანი და ტაქტილური მაჯის საათების დაახლოებით 300 ერთეული გაყიდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, დავით ბიბილეიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, AccessAT საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

„პროდუქტი გაყიდვაში 2026 წლის თებერვალში ჩავუშვით, მანამდე კი მასზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ეს პროცესი დაახლოებით ერთ წელს მოიცავდა. თებერვლიდან დღემდე დაახლოებით 300 საათი გაიყიდა, რაც საქართველოს მსგავსი მცირე ბაზრისთვის ნორმალური შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსინათლო მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა მაღალი არ არის, პროდუქტით დაინტერესება საკმაოდ დიდია. გვაქვს როგორც ინდივიდუალური გაყიდვები, ისე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული შესყიდვები. მათ შორის არიან ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, დმანისი, ბორჯომი და სხვა მუნიციპალიტეტები. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. იმედი გვაქვს, სახელმწიფო აღნიშნულ დამხმარე საშუალებას შესაბამის პროგრამებში შეიტანს და უსინათლო მოქალაქეებს დაუფინანსებს“, - განაცხადა დავით ბიბილეიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საათი მხოლოდ ქართულენოვანია, თუმცა ბაზარზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, კომპანია ინგლისურენოვანი ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს.

„საათს აქვს მაღვიძარისა და კალენდრის ფუნქციები. მისი მენიუ ქართულ ენაზეა გახმოვანებული, რაც მოწყობილობის გამოყენებას ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მარტივს ხდის. თუ ბაზარზე ამის საჭიროება გაჩნდება, აუცილებლად უზრუნველვყოფთ ინგლისურენოვანი საათების მიწოდებას. თუმცა, არსებული გაყიდვების მიხედვით, საქართველოში ამ ეტაპზე ქართულენოვან ხმოვან მაჯის საათზე უფრო მაღალი მოთხოვნაა.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც საათი უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისა თუ ახლობლებისთვის შეიძინეს“, - აღნიშნა დავით ბიბილეიშვილმა.

მისივე თქმით, საათს შუშის ზედაპირი აქვს, რომლის ახდის შემდეგაც უსინათლო ადამიანს დროის გაგება თითის ბალიშით შეხებით შეუძლია. პროდუქტი სხვადასხვა დიზაინით არის წარმოდგენილი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მეტალის ან ტყავის სამაჯური, მათ შორის თეთრი, შავი და ვარდისფერი ვარიანტები. ეს კომპანიას სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს.

სტარტაპი სამომავლოდ ისეთი პროდუქტის შექმნას გეგმავს, რომლის ექსპორტზეც გაიტანს. დავით ბიბილეიშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ქართულენოვანი მაჯის საათი ექსპორტისთვის რელევანტური არ იქნება, თუმცა გვაქვს გეგმა, შევქმნათ საექსპორტო პროდუქტი და საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. შესაძლოა, კალენდრისა და საათის ფუნქციები სხვა მოწყობილობაშიც იყოს ინტეგრირებული, რომელიც საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ მიმართულებით ინტერესი გვაქვს და შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამთ. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც კი პროდუქტი მზად იქნება, საზოგადოება შეიტყობს, რა ტექნოლოგიაზეა საუბარი“, - განაცხადა დავით ბიბილეიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, კომპანიის მაღაზიის გახსნა არ იგეგმება, თუმცა სტარტაპი კორპორაციული შეთავაზებებისთვის მზად არის.

„ვცდილობთ, სხვადასხვა კომპანიასთან ვითანამშრომლოთ და კოლაბორაციები განვახორციელოთ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები არ გვაქვს. სიახლეებს არ გამოვრიცხავთ. ვფიქრობთ, დამატებითი, დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია სტარტაპს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანდა და სხვადასხვა პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობას მოგვცემდა“, - განაცხადა დავით ბიბილეიშვილმა.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია. 

გამოგვყევით