საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისა და სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026.
გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.
ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაზე საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარადგინეს, მათ შორის - თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.
სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს გამოფენის ფარგლებში, ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებისთვის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრები შედგა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, სადაც ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და არსებული ბაზრების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ინვესტიციების სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.
SIAL Paris 2026 საქართველოს პავილიონში საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი იმყოფებოდა.
SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სასტუმროებისა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.