logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქართულ კურორტებზე ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების წილი გაიზარდა

ქართულ კურორტებზე ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტ „ბიოლის“ ველნეს დირექტორმა, მიხეილ ქოჩიაშვილმა განუცხადა, მათთან ინდოელი დამსვენებლების წილი 6-7%-ით გაიზარდა.

„ჩვენთან, რაოდენობრივად პირველ ადგილზე არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ველნეს ტურისტები, მეორე პოზიციაზე - არაბული ქვეყნების მოქალაქეები, მესამეზე კი, აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების მცხოვრებლები“, - განმარტა „ბიოლის“ ველნეს დირექტორმა.

მისივე თქმით, „ბიოლის“ შემთხვევაში, აქტიურად კეთდება ჯავშნები ჩინეთიდან და ყაზახეთიდანაც. „რაც შეეხება სერვისებს, ყველაზე მოთხოვნადი დეტოქსიკაციის პროგრამებია“, - განაცხადა მიხეილ ქოჩიაშვილმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ საკადრო დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ველნეს ტურისტების გაზრდილი ნაკადების ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდა კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემა.

„საქართველოში კვალიფიციური ველნეს სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ თუნდაც საბაზისო სამედიცინო განათლების მქონე ახალგაზრდები მოვიზიდოთ და გადავამზადოთ“, - აღნიშნა „ბიოლის“ ველნეს დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ამ სექტორის მიმართ ინტერესის გასაჩენად და საჭირო კადრების მოსაზიდად, რიგმა კურორტებმა ანაზღაურებებიც გაზარდეს.

ცნობისთვის, გლობალური ველნეს ტურიზმის შემოსავლები 2026 წელს, სავარაუდოდ, 1.5 ტრილიონ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ეს ინდუსტრია, მთელ მსოფლიოში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს. შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც - ველნეს და გამაჯანსაღებელი ტურიზმის სექტორი იზრდება საქართველოშიც.

გამოგვყევით