„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის, რესან ქიქავას განცხადებით, საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელებით თბილისში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდასაც შეუწყობს ხელს.
როგორც რესან ქიქავამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, გამოფენების მიმართულებით რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბებას ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ყოველთვის უშლიდა ხელს.
„მთავარია, რომ ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი ჩნდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერესს არა მხოლოდ „ექსპო ჯორჯიას“, არამედ მთლიანად დიდუბის მიმართ. ამას ბევრი რამ მოჰყვება — არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტები, არამედ კინოთეატრები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, ფიტნესკლუბები და სხვა. ასევე, სასტუმრო და კომერციული ინფრასტრუქტურა, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. არსებულ საგამოფენო სივრცეს ახალი ინფრასტრუქტურა ინტეგრირდება. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნა გვქონდა. გვინდა, გამოფენების მიმართულებით რეგიონულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდეთ, თუმცა ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ყოველთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყო.
ასევე, გვინდა, საერთაშორისო ტენდერებში მივიღოთ მონაწილეობა, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, 4-5 ათასი დელეგატი მიიღოს. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მესმის საზოგადოების ნაწილის ინტერესიც და შეშფოთებაც. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მიმართულებით სარგებლის მისაღებად რაღაცის დათმობა გვიწევს. ჩემი გადმოსახედიდან, ამ შემთხვევაში სარგებელი დათმობას მნიშვნელოვნად აღემატება“, - განაცხადა რესან ქიქავამ.
მისი თქმით, პროექტი 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
„სიმძიმის ცენტრის გადმოტანა მოხდება. კიდევ ერთი დიდი პროექტი დაანონსდა, რომელიც 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. თვისობრივად ახალ უბანს ვიღებთ. შესაბამისად, დიდუბის მცხოვრებლებისთვის უძრავი ქონების ფასები გაიზრდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. უბნის მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი სიკეთე იქნება“, - განაცხადა რესან ქიქავამ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელება შვიდ წელს გაგრძელდება, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
„ჩვენ გავაგრძელებთ იმ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას, რომლებსაც „ექსპო ჯორჯია“ ყოველწლიურად ახორციელებს. ასეთი დაახლოებით 10 საერთაშორისო პროექტია. ძალიან ახლოს ვითანამშრომლებთ „სითიზენთან“, რათა ბიზნესსაქმიანობას ხელი არ შეეშალოს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან საქმე გვაქვს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებთან“, - განაცხადა რესან ქიქავამ.