თხილეულისა და მარცვლეულის მწარმოებელი კომპანია „სოლარი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, გიორგი სტეფანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შესაძლოა უახლოეს მომავალში კომპანიამ გაყიდვებში ნუში კვლავ დაამატოს, რომელიც პროდუქცის მაღალი ფასის გამო გარკვეული პერიოდი რეალიზაციიდან ამოღებული ჰქონდა.
„ნუში გვქონდა და შესაძლოა, ისევ დავამატოთ. ეს ფასზე იქნება დამოკიდებული. ერთი პერიოდი იმპორტირებული ნუში კარგ ფასად გვქონდა, შემდეგ გაძვირდა და ამის ფონზე, რეალიზაციაც ძალიან დაეცა. თუ ბაზარზე მისაღები ფასი იქნება, რომ ჩვენს მომხმარებელზე გათვლილი ფასით მივაწოდოთ მარკეტებს, ისევ დავაბრუნებთ. ამჟამად დაახლოებით 10 სახეობის პროდუქცია გვაქვს, მათ შორის, მზესუმზირა, ფისტა და მიწის თხილი“, - განაცხადა გიორგი სტეფანიშვილმა.
მისი განმარტებით, შპს „სოლარის“ პროდუქცია სრულად იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და კომპანია ჯერჯერობით, ექსპორტზე გასვლას არ გეგმავს.
„ჯერჯერობით, ექსპორტზე გატანას არ ვგეგმავთ. გაყიდვების მაჩვენებლები ბოლო ორი წელია, უცვლელია. პროდუქცია რუსეთიდან შემოგვაქვს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე იმ ხარისხის ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ფიზიკურად არ იწარმოება.
მზესუმზირას დიდი ფართობი სჭირდება. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე მისი ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ დათესვა არ შეიძლება - ნიადაგს როტაცია სჭირდება, რომ დაისვენოს. საქართველოში კი ამხელა ფართობები არ გვაქვს.
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი მზესუმზირა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში მოდის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უკრაინიდანაც შემოგვქონდა მზესუმზირა, თუმცა სასურველი ხარისხი ვერ მივიღეთ, მას არ ჰქონდა ის გემო და ცხიმიანობა, რასაც ვეძებდით. ჯერჯერობით, საქართველოს ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ექსპორტისთვის ჯერ მზად არ ვართ“, - განაცხადა გიორგი სტეფანიშვილმა.
მისი შეფასებით, მზესუმზირის ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. რაც შეეხება გამოწვევებს, გიორგი სტეფანიშვილი აღნიშნავს, რომ საწვავზე ფასის მკვეთრის ზრდის ფონზე, იზრდება როგორც დისტრიბუციის ხარჯი, ასევე ძვირდება იმპორტიც.
„ამ ეტაპზე ჩვენთან დაახლოებით 65 ადამიანია დასაქმებული. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი მზესუმზირა ვაწარმოოთ და პროდუქცია სათანადოდ მოვხალოთ. ამ მხრივ სხვებთან შედარებით უპირატესობა ყოველთვის გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სტაბილურობაცაა.
სამომავლოდ ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მომხმარებელს მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ და ბაზარზე ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ, როგორც ახლა ვართ“, - განაცხადა გიორგი სტეფანიშვილმა.
ცნობისთვის, შპს „სოლარი“ საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიაა, რომელიც მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის თხილეულსა და მარცვლეულისგან დამზადებულ ხემსებს აწარმოებს. კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს.