logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ამიწიე" წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

საოჯახო მარანი, რომელიც ღვინოს  „ამიწიე“ (Amitié Wines) -ს  ბრენდით აწარმოებს, წარმოების გაფართოებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლუკა ბილაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სამომავლოდ კომპანიის მიზანი ევროპულ ბაზარზე ექსპორტზე გასვლაა.

„წარმოება 2018 წელს დავიწყეთ და ნელ-ნელა ბრენდს ვავითარებთ. ზოგადად, გაყიდვები თითქმის ყველა მცირე მეწარმისთვის პრობლემაა. ჩვენ ბრენდის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობთ და წლიდან წლამდე გაყიდვები გვეზრდება. შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით, გაყიდვები გაუმჯობესებულია.

ღვინო ჯერ ექსპორტზე არ გაგვაქვს, რადგან ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამჟამად ოთხი სახეობის ღვინო გვაქვს და ასორტიმენტის გაფართოება გვინდა. „ამიწეს“ (Amitié Wines) ასორტიმენტშია მშრალი „ალექსანდროული-მუჯურეთული“, რაჭული „ცოლიკაური“, „ხვანჭკარა“ და კახური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული „ქისი“. შესაძლოა, „ტვიშიც“ დავამატოთ.

სამომავლოდ, ჩვენი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. ჩვენი მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ტოლაში მდებარეობს. ეს საოჯახო მარანია, რომლის საქმიანობაშიც ძირითადად მე და ჩემი ძმა ვართ ჩართული“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, მცირე მეწარმეებს ექსპორტზე გასასვლელად მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.

„ჩემი გამოცდილებით, ევროპიდან და აშშ-დან იმპორტიორები ხშირად ჩამოჰყავთ, თუმცა ისინი, ძირითადად, ერთსა და იმავე მწარმოებლებს ხვდებიან. სამწუხაროდ, მცირე მეწარმეებს არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მათ ჩვენც შევხვდეთ - ხშირად არც გვეძახიან.

კარგი იქნება, თუ დეგუსტაციები ან შეხვედრები მოეწყობა, სადაც ჩვენი პროდუქციის წარდგენას შევძლებთ. შესაძლოა, იმპორტიორები ჩვენი ღვინოებითაც დაინტერესდნენ.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზარიც ასათვისებელია- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა დიდი ქალაქები, სადაც ტურისტები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან. „ამიწიეს“ მიერ წარმოებული ღვინის რაოდენობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამ ქალაქებში მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

ამჟამად ჩვენი ღვინის შეძენა თბილისში, „8000 მოსავალში“ (8000 Vintages) და სხვადასხვა ღვინის ბარშია შესაძლებელი. გარდა ამისა, წელს ბათუმში ღვინის ბარი გავხსენით, სადაც გაყიდვები საკმაოდ კარგია“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.

მისივე თქმით, „ამიწიე“ წელს პირველად მონაწილეობდა „გურჯაანის ღვინის ფესტივალში“ და კომპანია გაყიდვებით კმაყოფილია.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ბევრი ღვინოც გავყიდეთ. მომხმარებლებს ჩვენი ღვინოები ძალიან მოეწონათ. ჩვენი ღვინის ფასები 25-დან 50 ლარამდე მერყეობს“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.

მისი შეფასებით, „ამიწიეს“ ერთ-ერთი უპირატესობა რაჭული ღვინოების ბაზარზე წარმოდგენა და ხარისხიანი ღვინის წარმოებაა.

„რაჭული ღვინოები ბაზარზე რაოდენობრივად საკმარისად წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, საფრანგეთში მეღვინეობის მიმართულებით მაქვს განათლება მიღებული და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ღვინოებს ვაწარმოებთ“, — აღნიშნა ლუკა ბილაშვილმა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ შეარჩია ღვინის ბრენდისთვის სახელწოდება „ამიწიე“.

„ქართულში გამოთქმა „მოდი, ერთი ღვინო ამიწიე“ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული ფრაზასავითაა. გარდა ამისა, სახელწოდება ფრანგულ სიტყვას- Amitié-ს უკავშირდება, რაც მეგობრობას ნიშნავს. სწორედ ამ ასოციაციით დაერქვა ღვინის ბრენდს „ამიწიე“ (Amitié Wines)“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.

გამოგვყევით