დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, დეველოპერებისთვის დღგ-ს შეღავათის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათი 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.
ცვლილება შეეხება იმ უძრავი ქონების მიწოდებასა და მასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას, რომლებიც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს.
პროექტის ინიციატორების განმარტებით, ვადის გახანგრძლივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის. თბილისში მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ასეთ პროექტებზე მუშაობის გაგრძელებას ახალი დეველოპერული კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებმაც დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულებაც აიღეს. შეღავათის გახანგრძლივება კი, კომპანიებს საბანკო დაფინანსების მოპოვებას გაუმარტივებს, ხელს შეუწყობს მშენებლობების დასრულებას და მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
„თბილისის მუნიციპალიტეტი წლებია აქტიურად ახორციელებს პროგრამას, რომელიც დაუმთავრებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას ემსახურება. ამ დროისთვის, დაახლოებით 12 ათასი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია სხვადასხვა ფორმით, მაშინ როდესაც დაზარალებულთა საერთო რაოდენობა 14 ათასს აღემატებოდა. იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებმა საბანკო სექტორიდან საჭირო დაფინანსება მოიპოვონ და პროექტები შეუფერხებლად განახორციელონ, აუცილებელია საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გონივრული პერიოდით გახანგრძლივება“, - აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატი ირაკლი ხელაძე.