logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მუკუზანი ღვინის სარდაფი" ახალი საწარმოს გახსნას და ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

„მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ბიზნესის გაფართოებასა და ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.

როგორც  კომპანიის მთავარმა მეღვინემ, ვაკო ქათამაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, წელს კომპანიამ ახალ სასტუმროში პირველ ტურისტებს უკვე უმასპინძლა, რომლის მშენებლობის სრულად დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.

„სასტუმროს უკვე ვაშენებთ, ოთხი ნომერი მზად გვაქვს. აუზსაც ვაშენებთ. ერთ წელიწადში უკვე გამართული სასტუმრო გვექნება. ამ ეტაპზე მომხმარებლებს დეგუსტაციებსა და მარნის დათვალიერებას ვთავაზობთ. წელს ახალ სასტუმროში ტურისტებს პირველად ვუმასპინძლეთ.

სასტუმროს დასრულების შემდეგ რამდენიმე გეგმა გვაქვს. გვაქვს მამულები, სადაც ახალი საწარმო გაიხსნება. შესაძლებელია, კოტეჯების ტიპის სასტუმროც გაკეთდეს, რადგან ძალიან ლამაზ ადგილას არის“,- განაცხადა ვაკო ქათამაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივებთან შედარებით, ტურისტების მხრიდან დაინტერესება და ვიზიტების რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო.

„წელს თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყავდა ტურისტები - ორი ჯგუფი კორეიდან, ასევე რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან. მარანში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან ნამყოფი, მათ შორის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან, ასევე მეზობელი სახელმწიფოებიდან.

ჩემთან ღვინის ხარისხის გამო მოდიან. უკვე იციან, რომელი ღვინის ყიდვა უნდათ. დაახლოებით 30 დასახელების ღვინო მაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ახალი პროექტია ე.წ. „ვენახის ლოკოკინა“, რომელიც მშრალი ყურძნისგან მზადდება. ის გვიანი მოსავლის დროს, როდესაც ყურძენი დაჩამიჩებას იწყებს, მზადდება.

ეს ღვინო 100 ლარი ღირს. ჩემი ღვინის გასაყიდი ფასი 30 ლარიდან იწყება და 150 ევრომდე აღწევს. სარეზერვო ღვინოების ფასი დაახლოებით 100-დან 150 ევრომდე მერყეობს“, - განაცხადა ვაკო ქათამაძემ.

მისი თქმით, კომპანია სამომავლოდ ექსპორტის გაფართოებასაც გეგმავს.

„ექსპორტზე ღვინო გაგვაქვს ჩინეთსა და კორეაში. ევროპაში ასევე გვაქვს ჩვენი საწყობი და ღვინის მაღაზია. კანადასა და აშშ-ში იგეგმება მასტერკლასების ჩატარება და შემდეგ პოტენციური კლიენტების მოძიება. სამომავლოდ ექსპორტის გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან კიდევ ერთი ახალი მამული გვემატება“, - განაცხადა ვაკო ქათამაძემ.

ცნობისთვის, მეღვინეობა "მუკუზანი ღვინის სარდაფი" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს ფლობს. მეღვინეობა წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლამდე გაიზრდება. 

გამოგვყევით