Reuters-ის ინფორმაციით, McDonald’s-ის აქციები 6.5%-ით დაეცა. კომპანია, მაღალი ინფლაციის ფონზე, მომხმარებელთა ნაკადის ზრდას აღარ ელოდება.
გამოცემის ცნობით, წლის დასაწყისიდან McDonald’s-ის აქციები დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული და ოთხშაბათს თითქმის ოთხწლიან მინიმუმამდე - 234.03 დოლარამდე დაეცა.
ცხოვრების მაღალი ხარჯების პირობებში დაბალშემოსავლიანი მომხმარებლების შესანარჩუნებლად, ბურგერების გიგანტმა მარკეტინგული და ფასდაკლებების სტრატეგია გააძლიერა.
„მომხმარებლები არჩევანს მხოლოდ ფასის მიხედვით აღარ აკეთებენ და McDonald’s-მა მათ უნდა მისცეს რესტორანში მისვლის მიზეზები, რომლებიც მხოლოდ ფასდაკლებას არ უკავშირდება“,- აცხადებს eMarketer-ის ანალიტიკოსი სუზი დავიდხანიანი.
როგორც Reuters-ი წერს, რთული ეკონომიკური ფონის პარალელურად, კომპანიასა და ფრენჩაიზებს შორის დაძაბულობაც გაიზარდა. კერძოდ, მათ კონტროლი უმცირდებათ, ხარჯები კი მუდმივად იზრდება. ამ დაძაბულობის განსამუხტად, McDonald’s-მა 10-წლიანი, 8.5 მილიარდი დოლარის მოცულობის მხარდაჭერის პაკეტი წარადგინა, რომელიც NEXT პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ხარჯების წინაშე მყოფი ფრენჩაიზების დახმარებას ისახავს მიზნად. ამასთანავე, კომპანიამ 2030 წლისთვის რესტორნების პროდუქტიულობისა და საოპერაციო მარჟის ახალი სამიზნე მაჩვენებლები დააწესა.
მონაცემთა ანალიტიკის კომპანია Placer.ai-ის შეფასებით, აშშ-ის მასშტაბით McDonald’s-ის რესტორნებში ვიზიტების მაჩვენებელი წლიურ ჭრილში მარტის შემდეგ ყოველ სრულ თვეში მცირდებოდა.
თამთა ცერცვაძე