logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ავთანდილის მეღვინეობა" ასორტიმენტს აფართოებს – კომპანია ცქრიალა ღვინის გამოშვებას გეგმავს

„ავთანდილის მეღვინეობა“ (Avtandil Winery) ასორტიმენტს აფართოებს და მომავალ წელს რამდენიმე ახალი სახეობის ღვინის დამატებას გეგმავს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ ირომაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია ცქრიალა ღვინის გამოშვებას გეგმავს, რადგან ამ პროდუქციაზე მომხმარებელთა ინტერესი მაღალია.

„წელსაც დავიწყეთ ასორტიმენტის გაფართოება – ღვინოები ამჟამად დაღვინების ეტაპზეა. კიდევ ორი პოზიციის დამატებას და სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ათვისებას ვაპირებთ.

ძირითადად, საკუთარ ვენახებს ვამუშავებთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახეობის ვაზი გვაქვს – მიკროზონების საფერავი და რქაწითელი. თუმცა გვინდა, სხვადასხვა ყურძნის ჯიშიც ავითვისოთ, რათა ჩვენი მარანი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, გაიზარდოს ინტერესი და მომხმარებელს მეტი არჩევანი შევთავაზოთ.

ამ ეტაპზე, რასაც ვამზადებთ, იქნება წითელი ტკბილი ღვინო, რადგან მის წარმოებაზე ბევრი მომხმარებლისგან მივიღეთ მოთხოვნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი დამატება. ასევე, წელს ბაზარზე ცქრიალა ღვინის გამოშვებას ვაპირებთ, რადგან ამ მიმართულებითაც არის ინტერესი და ეს ჩვენთვისაც სიახლე იქნება.

გასულ წლებში ღვინის ექსკლუზიური სახეობა გვქონდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 45 დოლარად იყიდებოდა. ყოველ წელს გვაქვს სიახლეები და ექსპერიმენტულ დონეზე სხვადასხვა არომატის წარმოჩენას ვცდილობთ.

აღნიშნულ ღვინოს ახლაც ვაწარმოებთ, თუმცა ამას დრო სჭირდება. დეკემბერში ამ ყურძნის გადამუშავება ხდება, შემდეგ ღვინო მუხის კასრებში გადადის. დაახლოებით 87 ბოთლი გვქონდა ჩამოსხმული. ფასის მიუხედავად, ღვინომ იმდენად დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა, რომ მის წარმოებას ვაგრძელებთ. სავარაუდოდ, მომავალ წელს კვლავ შემოგთავაზებთ და ბაზარზეც გამოჩნდება.

ეს იქნება ტკბილი, მაღალალკოჰოლური ღვინო, რომელსაც არანაირი დამატებული შაქარი და სპირტი არ აქვს. ნატურალური და სუფთა ღვინოა, რადგან ქიმიური ჩარევა არ ხდება და შედეგად სახასიათო ღვინო მიიღება“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.

მისი შეფასებით, ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ბრენდის დაბალი ცნობადობაა.

„ჩემთვის გამოწვევა და პრობლემა ბრენდის ნაკლები ცნობადობაა. ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესისთვის აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისე ვერ განვითარდება და გაფართოვდება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

რაც შეეხება მუშახელს, კვალიფიციური კადრების პოვნა, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ან სურვილი, ისწავლონ და მეღვინეობის სფეროთი დაინტერესდნენ, მართლაც რთულია. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, რადგან მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და გვყავს თანამშრომლები, რომლებთან ერთადაც ერთ გუნდად აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული ყველაზე ბიუჯეტური ღვინის ფასი 5 დოლარიდან იწყება და 15 დოლარამდე მერყეობს.

როგორც ავთანდილ ირომაშვილმა აღნიშნა, ქართული ღვინისთვის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე თავის დამკვიდრება რთულია, რადგან ბოლო წლებში ბევრი მცირე მარანი შეიქმნა და კონკურენციაც გაიზარდა.

„თავის დამკვიდრების პროცესში ვართ, თუმცა ყოველწლიურად წინ მივდივართ, გვემატება მაღაზიები და მომხმარებლები. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ღვინოს აგემოვნებენ, შემდეგ უკუკავშირს გვაწვდიან და აღნიშნავენ, რომ ღვინო განსხვავებული იყო. ინტერესდებიან, სად შეუძლიათ მისი შეძენა და ა.შ. არის შემთხვევებიც, როდესაც მაღაზიებში თავად ეძებენ ჩვენს ბრენდს, ასევე, მაღაზიების წარმომადგენლები თავად დაგვკავშირებიან და გამოუხატავთ სურვილი, რომ ჩვენი ღვინო მათთან განვათავსოთ“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.

ცნობისთვის, ავთანდილის მეღვინეობა (Avtandil Winery) კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს და ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით